„არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე" - „ოცნების" დეპუტატი ვაკის პარკის შემთხვევაზე

პუბლიკა

„არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ ჩავიდეს იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქციაა”, – ასე ეხმაურება „ოცნების” დეპუტატი გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევას, რომლის შედეგადაც 3 მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი დაიღუპა.

„ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობენ, ჩაუვარდათ ბურთი. ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრურქცია.

ბუნებრივია, შეიძლება რაღაცა ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის. ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას ითხოვ? ვის? და ამას მეკითხებით სერიოზულად? რომ ბავშვს ბურთი ჩაუვარდა და…”, – მიმართა ამილახვარმა ჟურნალისტს.

მან ეს კომენტარი ერთ-ერთი მოზარდის დაღუპვამდე გააკეთა.


დღეს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას შადრევანში დენმა 3 ბავშვს დაარტყა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო– ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გუშინ, 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.