შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ქვემო ქართლში არასრულწლოვანი გოგოს ქორწინების იძულების
ბრალდებით მამა დააკავა.
„ჩატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, ქორწინებას აიძულებდა.
გოგომ ამის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებისთანავე შესაბამისი საგამოძიებო, ასევე საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს და ა.გ. იმავე დღეს, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გოგო ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში, მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართ კი, გამოცემულია შემაკავებელი ორდერები”, – ამბობენ შსს-ში.
შსს-ს ცნობით, ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.