არასრულწლოვანის ცემაში ბრალდებული მკლავჭიდელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პუბლიკა

არასრულწლოვანის ცემაში ბრალდებული მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება კონსტანტინე კოპალიანმა მიიღო.

მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, რაც ჩაითვალა პირობითად.

ხატია ვიბლიანი სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში არ მოიხდის, თუმცა მის ქცევასა და გადაადგილებაზე კონტროლი ექნება პრობაციის ეროვნულ ბიუროს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე, მსჯავრდებულს დაევალა ქცევის კორექციის სავალდებულო პროგრამაში ჩართვა.

„ზიანს, რომელიც მიადგა არასრულწლოვანს და მის ოჯახს, ცხადია, ვერ დააბალანსებს სასჯელის კონკრეტული სახე და ზომა, თუმცა როგორც დაზარალებულის, ასევე, საზოგადოებისათვის სამართლიანობის აღდგენის განცდა არსებითად საჭირო და მნიშვნელოვანია“, – დაწერა დაზარალებულის ოჯახის ადვოკატმა თათია მაისურაძემ.

ხატია ვიბლიანს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ხატია ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა. სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა.

ქალი, რომელმაც ვიდეო გაავრცელა, ამბობდა, რომ არასრულწლოვანს ჰქონდა ნაკაწრები, სისხლჩაქცევები და დაბეჟილობა.