ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მშობლები და მასწავლებელი დააკავეს - შსს

პუბლიკა

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე კიდევ 11 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვანთა მშობლები და სკოლის პედაგოგი.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

უწყების ცნობით, ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ სექტემბერში 11 პირი დააკავა, მათ შორის უცხოეთის 2 მოქალაქე, არასრულწლოვნების მშობლები და ოჯახთან დაახლოები პირები.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 143 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას გულისხმობს.