არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებული პირი – 2001 წელს დაბადებული ნ.თ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 დეკემბერს ნ.თ.- ს შელაპარაკება მოუვიდა არასრულწლოვანთან – 2006 წელს დაბადებულ ლ.ს.- სთან, რა დროსაც მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ს. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნ.თ. თბილისში დააკავეს“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.