არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული ე.რ. ზუგდიდში დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქემთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა.

მათივე თქმით, პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენას, შენახვას, ფლობას ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობას. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.