შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 42 წლის პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლის სახლში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა”, – წერს შსს.
უწყების თქმით, მომხდარი ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო და პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
წინასწარი შეცნობით 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.