არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გ.ლ. მეუღლესა და ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვანს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი – “KOMBAT”-ის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლომ გაიზიარა გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება.