თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.ძ.-მ 2019 წლის 27 ივლისს ქ. თბილისში 5 და 7 წლის გოგონების მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება.
სამართალდამცველებმა დ.ძ. 2019 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.