„არასწორად აღიქვა მოსამართლის როლი“ — რა არგუმენტით არ მიიღო საკონსტიტუციომ ხუჭუას წარდგინება 

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო თეთრიწყაროს რაიონული მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას კონსტიტუციური წარდგინებები. მოსამართლემ თქვა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არსებითად განსახილველად არ მიიღეს მოსამართლის წარდგინებები.

ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის დეკემბერში მიმართა.

საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილისა და 173-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილს.

მოსამართლე მოითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ეცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის ზაფხულში შეტანილი ის ცვლილებები, რომლებიც შეეხებოდა სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას და მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვისა და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევას.

ვლადიმერ ხუჭუამ იმავე პერიოდში მის წარმოებაში არსებული საქმეები შეაჩერა და  წარდგინებებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ის მაშინ მედიასთან ამბობდა, რომ ადამიანი, ვისაც არ აქვს საშუალება გადაიხადოს თანხა, 30-დღიანი პატიმრობისთვისა განწირული.

მოსამართლე ფიქრობდა, რომ ეს დაუშვებელია, რადგან არ შეიძლება ადამიანი თავისი ეკონომიკური ან სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლად პატიმრობაში იყოს. მისი შეფასებით, კანონი მოსამართლეს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, ინდივიდუალურად განსაზღვროს სახდელის ზომა და ის „არ აღმოჩნდეს არაპროპორციული“.

ვლადიმერ ხუჭუა წარდგინებაში საუბრობს საქმეზე, რომელსაც ის განიხილავს და რომელიც ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღევვათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ დარღვევას.

კერძოდ, საქმის თანახმად, ვიტალი პოპოვი, რომელიც იყო მთვრალი, ლანძღავდა მოქალაქეებს. პოლიციამ მას არაერთხელ მოუწოდა ამის შეწყვეტისკენ, რის გამოც პოპოვი „გახდა უფრო აგრესიული და შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს“.

ის ამის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს. საქმის სასამართლოში განხილვისას, მან აღიარა ჩადენილი სამართალდარღვევა, თუმცა, განმარტა, რომ მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებულ ჯარიმას ვერ გადაიხდის.

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, მოსამართლეებმა გააანალიზეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედო თითოეულ კონსტიტუციურ წარდგინებას და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოსამართლე არ იდგა იმ გარემოების წინაშე, რომლის გადაჭრასაც ის წარდგინებით მოითხოვდა.

სასამართლო წერს, რომ კონსტიტუციური წარდგინებებით სადავოდ გამხდარი დანაწესი მიემართებოდა სამართალდარღვევათა არა პირველად, არამედ განმეორებით ჩადენის შემთხვევას.

„ამის გათვალისწინებით, წარდგინებების ავტორი არ იდგა მის მიერ განსახილველ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გასაჩივრებული რეგულაციების გამოყენების საჭიროების წინაშე, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის აუცილებელი საკანონმდებლო წინაპირობაა“. – აცხადებს სასამართლო.

ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ „კონსტიტუციური წარდგინებების ავტორი ფართოდ და იმავდროულად არასწორად აღიქვამდა საერთო სასამართლოს მოსამართლის როლს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის სფეროში, ისევე როგორც, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებს, რომლის თანახმადაც იგი აღჭურვილია უფლებამოსილებით, საერთო სასამართლოების წარდგინების საფუძველზე იმსჯელოს არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ იმ კანონის (ნორმატიული აქტის) შესახებ, რომელიც უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ მის განხილვაში მყოფი კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას“.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვლადიმერ ხუჭუას კონსტიტუციური წარდგინებები არ აკმაყოფილებდა დასაბუთებულობის მოთხოვნას და არ უნდა ყოფილიყო არსებითად განსახილველად მიღებული.