არასწორად განმარტავენ ქრისტიანობას, რომ ყველას ყველაფერი ვაპატიოთ, ბოროტება სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს - შიო მუჯირი

პუბლიკა

„ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“, – თქვა პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა დღეს წირვის შემდეგ ქადაგებაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, მიტროპოლიტმა სახარებიდან ისეო ქრისტეს ფრაზა მოიშველია, რომელშიც ის ამბობს, რომ უნდა გვიყვარდეს მტრებიც, თუმცა შიოს თქმით, სახარებაში საუბარია იმაზე, რომ არ არის კარგი შურისძიება და ბოროტების წინააღმდეგ ბოროტებით პასუხი. მასთან დაპირისპირება საჭიროა სიყვარულით, მოწყალებით, დარიგებით, ქველმოქმედებით. თუმცა, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს.

„მინდა, თქვენი ყურადღება იმაზეც გავამახვილო, რომ აქ ჩამოთლილი ხერხების გარდა, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ.

დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე.

ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“, – თქვა შიო მუჯირმა ქადაგებაზე.