„არასწორია ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციის მოწოდებებში“ - ანწუხელიძის ცოლი

პუბლიკა

„მოვდივარ“ – ამ სახელწოდებით გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობი“) 30 აპრილს აქცია დააანონსა, რომლის სარეკლამო ბანერზეც სოციალურ ქსელში რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილის ფოტოც იყო გამოყენებული.

აქციის სლოგანია „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“. ახლა ეს ბანერი არ იძებნება გვერდზე და შეცვლილია სხვა ფოტოთი, თუმცა, სავარაუდოდ, ამ ფაქტს ეხმაურება გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე. ის წერს, რომ მისი შვილების ფოტოების გამოყენება აქციის მოწოდებებში არასწორია.

როგორც მაკა ჩიკვილაძე ამბობს, მეუღლის სტატუსიდან გამომდინარე მაქსიმალურად ცდილობს, საჯაროდ ნაკლებად დააფიქსიროს სუბიექტური მოსაზრებები სხვადასხვა თემებზე და მხოლოდ ისეთი შეხედულებები გამოხატოს, რომლებიც არ დატოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას და არ დაემთხვევა რომელიმე საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს.

„მიმაჩნია, რომ მით უმეტეს არაა მიზანშეწონილი, ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები, თუნდაც ირიბად, მათგან დამოუკიდებლად ჩართოს რამე პოლიტიკურ დღის წესრიგში. არ ვფიქრობ სწორი იყოს კონკრეტულად ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში. დღეს მათ არ აქვთ და ვერ ექნებათ ყველა ფაქტსა და მოსაზრებაზე საკუთარი შეხედულება, ამიტომ ჩემი მოვალეობაა სხვათა მოსაზრებებისგან მათი დისტანცირება მანამ, სანამ თავად არ ექნებათ სრულყოფილი საშუალება გადაწყვიტონ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია სხვადასხვა თემებზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ ბავშვების უფლებები და ჩემი დამოკიდებულება. იმედი მაქვს, ეს საჯარო თხოვნა მიაღწევს ადრესატამდე, კონკრეტული ფაქტებისა და ადამიანების დასახელების, ზედმეტი განხილვების გარეშე“, – წერს მაკა ჩიკვილაძე.