არასწორია, რომ პოლიტიკური თავდასხმებისას უფლებადამცველებმა თანამდებობის პირები უნდა დაიცვან - ლომჯარია

პუბლიკა

„არასწორ პრაქტიკად ყალიბდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებები, რომ პოლიტიკური თავდასხმების დროს უფლებადამცველებმა თანამდებობის პირები უნდა დაიცვან”, – ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია facebook-ზე წერს და ეხმაურება პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

„ერთი განმარტება მინდა გავაკეთო როგორც ყოფილმა სახალხო დამცველმა – უფლებადამცველების ფუნქცია არ არის ძალაუფლებაში მყოფი პირების დაცვა მოქალაქეებისგან თუ პოლიტიკური ოპონენტებისგან, რაც არ უნდა მწვავე იყოს ოპონირება, ზეწოლა თუ პოლიტიკური თავდასხმა. რა თქმა უნდა, როდესაც ზეწოლა უკანონო ფორმებს იღებს ეს სხვა საკითხია, მაგრამ, ძალიან არასწორ პრაქტიკად ყალიბდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებები, რომ პოლიტიკური თავდასხმების დროს უფლებადამცველებმა თანამდებობის პირები უნდა დაიცვან.

უფლებების დაცვა ნიშნავს ძალაუფლების მქონე პირებისგან ძალაუფლებაში არ მყოფი პირების, ანუ სუსტების დაცვას. საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში, მას იმხელა ძალაუფლება აქვს, იმდენი კონსტიტუციური ბერკეტი (იქნება ეს იუსტიციის საბჭოში გადამწყვეტი წევრის დანიშვნა, შეწყალება, საკონსტიტუციო სამართალწარმოება, ვენეციის კომისიისადმი მიმართვა, ვეტოს უფლება და ა.შ) რომ მას თავისუფლად შეუძლია მმართველი პარტიის წევრებზე აქეთ მოახდინოს ზეწოლა.

ეს პოსტი მხოლოდ პრეზიდენტზე არაა, სახალხო დამცველობის დროს მეც ხშირად მთხოვდნენ მინისტრების, თუ მმართველი პარტიის წევრების დაცვას, რაც უფლებადამცველობის არასწორი გაგება და ამ ცნებით მანიპულაციაა. ვფიქრობ, რომ ხელი არ უნდა შევუწყოთ ამ არასწორ განმარტებას”, – წერს ლომჯარია.


„მიუღებელია ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალსა და პრეზიდენტზე, ის რაც დღეს ხდება, ზეწოლა და ბულინგი. სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.