პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ შერიგებასა და სიმართლის დადგენაზე პოლიტიკოსები არაკომპეტენტურად საუბრობენ.
ანა დოლიძის თქმით, შერიგებისა და სიმართლის პროცესი უნდა დაწყებულიყო მაშინ, როცა ეს ქვეყნისთვის იყო საჭირო და არა მაშინ, როცა თავად დასჭირდათ.
„ჩვენ რომ შერიგების და სიმართლის კომისია გაგვეკეთებინა 2012-2013 წლებში, როდესაც მე პირველად დავაყენე ინიციატივა, ეს ცხრა წელი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ ვისაუბრებდით. ეს თემა იქნებოდა უკვე შეფასებული, სისტემას გამოვამზეურებდით და ვერავითარ სუს-ს, კუდ-სა და სოდ-ს „ქართული ოცნება“ სათავისოდ ვერ გამოიყენებდა“, – აცხადებს ანა დოლიძე, რომელიც სიმართლის და შერიგების კომისიის შექმნის ინიციატივას ოქტომბრიდან აყენებდა.
„ხალხისთვის“ ლიდერის თქმით, სიმართლისა და შერიგების პროცესი პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს გამთლიანებას, ერთობას, დაპირისპირების დასრულებას, რაც უნდა მოხდეს სისტემური საკითხის გამომზეურებით, რათა მოგვიანებით იგივე არ განმეორდეს.
„შერიგებას წინ უძღვის საკითხების გარჩევა, მსხვერპლისა და დაზარალებულისთვის ასპარეზის მიცემა, რომ მოჰყვეს, რა მოხდა და რა ზიანი მიადგა. ამას ისმენს ის, ვინც ბრალდებულია, იაზრებს ჩადენილ დანაშაულს და აღიარებს. ასე ხდება ორი მხარის შერიგება. ეს არის სიმართლისა და შერიგების პროცესის საფეხურები ისე, როგორც წარიმართა სამხრეთ აფრიკაში.
სამწუხაროდ, საქართველოში შერიგებასა და სიმართლის დადგენაზე პოლიტიკოსები ისე არაკომპეტენტურად საუბრობენ, რომ, დიდი ალბათობით, ამ თემის ინფლაციას მოახდენენ. ფაქტია, სიღრმისეულად ამ თემას არავინ უყურებს, არავინ ამბობს, ვინ ვის და რატომ უნდა შეურიგდეს.
მაგალითისთვის, რატომ უნდა შეურიგდეს ვინმე ირაკლი კობახიძეს, რომელსაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არანაირი ზიანი არ მიდგომია და ერთი ჩვეულებრივი ჩინოვნიკი იყო. ამიტომ, სიმართლისა და შერიგების პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ დაზარალებული ადამიანები, ყოფილი პოლიტპატიმრები, მიტინგზე ნაცემები და დარბეულები, ის, ვისაც მოუკვდა შვილი ან მშობელი. მსხვერპლმა უნდა აპატიოს მათ, ვინც იძალადეს.
მათ უნდა აგვიწერონ, როგორ მუშაობდა სისტემა იმ პერიოდში. ამიტომ, არ ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს იმაში, რომ სამხრეთ აფრიკული პროცესი უნდა გადმოვიტანოთ საქართველოში. სამი პრეზიდენტის შეკრება და სიმართლის და შერიგების პროცესი, აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. სამხრეთ აფრიკის პროცესი პოლიტიკოსების შეკრებასთან არავითარ კავშირში არ არის. ამ პროცესში მთავარი გამოსავალია დაზარალებულებისა და მსხვერპლისთვის ასპარეზის მიცემა. ეს არის შერიგების პროცესი“, -აღნიშნავს ანა დოლიძე.