არავინ დასდევს, არავინ ლახავს მათ უფლებებს - კალაძე ქვიარებზე

პუბლიკა

„ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სარწმუნოებისა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა. არავის დასდევენ, არავის ეკიდებიან სექსუალური ორიენტაციის ან სარწმუნოების გამო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განანცხადა.

კალაძემ აღნიშნა, რომ „თბილისი პრაიდის“ ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რადგან სექსუალური უმცირესობის უფლებები ისედაც დაცულია.

„მე რამდენიმე დღის წინ ამასთან დაკავშირებით დამისვეს შეკითხვა და გამოვთქვი მოსაზრება, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად „პრაიდის“ ჩატარება-მეთქი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა აგრესია მოჰყვა ამას. მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. არასდროს, ვერავინ ვერ ნახავს ჩემს ჰომოფობურ განცხადებებს“, – განაცხადა მერმა.

კახა კალაძემ განცხადებისას აღნიშნა, რომ სექსუალური უმცირესობები „ჩვეულებრივი ადამიანები არიან“ და „ თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო არ აგდებენ სამსახურიდან“:

„განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები – მოდით, შევხედოთ რეალობას – ისინი ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოების ნაწილია. წლების წინაც ასე იყო, დღესაც არსებობენ ეს ადამიანები და ალბათ მომავალშიც იარსებებენ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ჩვენ ვართ – ორი ფეხი აქვთ, ორი ხელი აქვთ, მუშაობენ და თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო არ აგდებენ სამსახურიდან. ისევე სარგებლობენ იმ პროგრამებით, იმ სერვისებით, როგორც ჩვენ ყველანი“, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ირღვევა თუ არა შეკრების თავისუფლება, კახა კალაძე პასუხობს:

„მანდაც არსებობს გამოხატვის თავისუფლება… აქვს ყველა ადამიანს, მაგრამ აქვე არსებობს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებით სხვისი უფლებები არ უნდა დაირღვეს. მე პირადად როდესაც ვთქვი, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად „პრაიდის“ ჩატარება… თუმცა, ეს ადამიანები არსებობენ და მათ ჩვეულებრივად აქვთ ცხოვრების შესაძლებლობა ყოველგვარი პრობლემების გარეშე – არავინ დასდევს, არავინ ლახავს მათ უფლებებს“, – აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: ამ პოზიციიდან გამომდინარე, ხომ არ იზიარებს მერი რადიკალური ჯგუფების პოზიციას – „ნუ გამოვლენ გარეთ“, კალაძე ამბობს:

„ვინ არ გამოდიან? გეუბნებით, რომ ჩვეულებრივად ცხოვრობენ და არსებობენ ეს ადამიანები. ამ მიმართულების პოპულარიზაცია, პროპაგანდა მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ეს არის ჩემი მოსაზრება“, – აცხადებს კახა კალაძემ.