„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიიცის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლისთვის და მეორე ტურებისთვის არ ემზადებიან. ამის შესახებ ბაქარაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყოველდღე ამბობენ, რომ მეორე ტურისთვის ემზადებიანო, პარლამენტში შესვლისთვის ემზადებიანო, არავინ არ ემზადება არც მეორე ტურისთვის და არც პარლამენტში შესვლისთვის. მილიარდერმა ერთი ადამიანის ყიდვა და გატეხვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან. ვამაყობ, რომ ყველა ერთად ვდგავართ“,- განაცხადა ბაქარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ამ ერთიანობით მიაღწევს გამარჯვებას.
“ერთად ვდგავართ და ერთად ვიდგებით ბოლომდე. ამ ერთიანობით გავტეხავთ სიტუაციას ბოლომდე და გავიმარჯვებთ. ჩვენს მხარეს დგას სიმართლე, ხალხი, ერთიანობა, ამ ქვეყნის მომავალი და პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე. საქართველოს წინაშე უპასუხისმგებლობაა გაყალბებული არჩევანით პარლამენტში შესვლა და კაბინეტების დაკავება. საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობაა ერთხელ და სამუდამოდ დავანგრიოთ გაყალბების მანქანა. დავანგრიოთ სიყალბის მანქანა და ამ ქვეყანას ჰქონდეს თავისუფალი, ღირსეული არჩევნები. ვინც გაიმარჯვებს ღირსეულ არჩევნებში, ის გაუძღვეს წინ ხალხს. ეს არის საქართველოს მომავალი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის წინ ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას მართავს.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. აღნიშნულ საკითხებზე ოპოზიციურმა სპექტრმა, უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, მიმდინარე კვირას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყო. დიალოგის მეორე რაუნდი დღეს გაიმართა.