არავინ არის დაეჭვებული ევროატლანტიკურ კურსში - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსის ანტონის მიერ ქადაგებისას საქართველოს ევროატლანტიკური არჩევნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ეპისკოპოსის განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით გაშუქდა.

„არავინ არის დაეჭვებული ევროატლანტიკურ კურსში, არც მეუფე ანტონი მათ შორის. ევროპულ ღირებულებებზე კი არ არის საუბარი, რასაც მეუფე ანტონი ამბობს, არამედ იმ ევროპული ღირებულებების პროფანაციაზე, გაყალბებაზე, ტრანსფორმაციაზე”, – აცხადებს მიტროპოლიტი.

მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, ვიღაცები ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან განწყობა, თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ევროპულ ღირებულებებთან კონფლიქტში იმყოფება.

„ვიღაცა ძალიან ცდილობს, რომ ეს განწყობები შექმნას და ვიღაცა ძალიან ცდილობს, რომ საზოგადოებას შეუქმნას ეს აზრი, რომ ეკლესიაში არის ანტიევროპული განწყობები. ჩვენ თვითონ ვართ ევროპა. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ პრორუსულ განწყობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში პრორუსული განწყობების არსებობა დაუშვებელია.

„20% ჩვენი ტერიტორიების დაპყრობილი და ოკუპირებული აქვს რუსეთს. და არა მარტო რუსეთის ფედერაციას, საბჭოთა კავშირიდან მოდის ეს ყველაფერი. ამას ვინ შეეკამათება, როგორ შეიძლება პრორუსულები ვიყოთ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.


დღეს ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსმა ანტონმა ქადაგებისას განაცხადა, რომ შესაძლებელია საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი მცდარი იყოს.

„შემდეგ გიკვირთ ეკლესიისაგან ევროპისა და ამერიკის დემონიზაცია – ამბობს ეპისკოპოსი – უნებლიეთ ფიქრობ, რომ კომუნისტური მარწუხებისაგან გათავისუფლებულებმა და ეიფორიაში მყოფებმა, ალერსით გაბრუებულებმა და საკენკით მიტყუებულებმა, შეცდომით ხომ არ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა, რადგან ეს გზა ჩვენი ლანძღვა გინების, დისკრედიტიზაციისა და მომავალი თაობების ეკლესიისადმი ზიზღით აღზრდისკენაა მიმართული“, – განაცხადა ეპისკოპოსმა ანტონმა.