არავინ არსად არ მიდის - წულუკიანი

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობის არცერთი წევრი არსად წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ არის ყალბი ინფორმაცია.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ ყალბ ინფორმაციებს, რომლებიც მრავლად ვრცელდება ბოლო დღეებში, ყალბი ინფორმაცია, ანუ, ე.წ. ფეიკნიუსი გახდა, სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოს ძველ, დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული პრობლემა, რომელიც საბოლოო ჯამში დემოკრატიას ემუქრება.

ბოლო დღებში ჩვენ ვისმენდით ყალბ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს წულუკიანი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის ფეიკნიუსი. შემდეგ ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს წულუკიანი მიდის პარლამენტის თავმჯდომარედ, ესეც ფეიკნიუსია. გუშინ ვიხილეთ ისევ ოპოზიციის სატელევიზიო და სხვა მედიასაშუალებებით შექმნილი სახელდახელოდ ახალი ყალბი ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, ესეც არის ყალბი იფნორმაცია.

არავინ არსად არ მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებადე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ. ეს არის ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს,  არა მხოლოდ უვიზო რეჟიმი როგორც მოვიტანეთ, უფრო მეტს ევროპულ ინტეგრაციას მოიტანს ქვეყნისთვის, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი, რომელიც იქნება მთავრობაში და პარლამენტში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.