არავინ მოდუნებულა, მივეცით მოქალაქეებს შესაძლებლობა, არ გაგვენადგურებინა ფსიქოლოგიურად – გახარია

პუბლიკა

„აქ არ არის ვინმეს მოდუნებაზე [საუბარი], არც მთავრობის არც მოქალაქის”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას, „მოდუნდა თუ არა ხელისუფლება და სწორედ ამიტომ ფიქსირდება თუ არა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი.

„საერთოდ, რთულია, მსგავსი, გლობალური გამოწვევის პირობებში 6 თვე გაიარო ისე, როგორც გავიარეთ ჩვენ – ჩვენმა მოქალაქეებმა, ჩვენმა კლინიკურმა ჯგუფმა, ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა და საბჭომ. ეს იყო 24-საათიანი მუშაობა და ეს გრძელდება.

ამიტომ, აქ მოდუნებაზე კი არ არის საუბარი, უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მივეცით მოქალაქეებს და ეკონომიკასაც შესაძლებლობა, საბოლოოდ არ გაგვენადგურებინა არც ეკონომიკა და არც ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა”, – განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რეგულაციების აღსრულება რამდენად კონტროლდებოდა, გახარია პასუხობს, რომ მსგავსი შეზღუდვების პირობებში მოქალაქის პასუხისმგებლობა უფრო სერიოზული ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა.

„არავინ არ მოდუნებულა. ის, რომ დღეს ეს ჯგუფიც შეიკრიბა მომენტალურად, მაშინ, როდესაც ეს საჭირო იყო, აჩვენებს, რომ არავინ არ მოდუნებულა. პირიქით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სწორად. გავაკეთეთ იმისთვის, რომ საბოლოოდ ეკონომიკა არ გადაგვეკეტა”, – განაცხადა გახარიამ.