არავის აქვს უფლება, ჩუმად დარჩეს - ქართველ მუსლიმთა კავშირი

პუბლიკა

ქართველ მუსლიმთა კავშირი ქვეყანაში მიმდინარე მოვლებეზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის მიერ ხელმოწერილ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში ისეთი მომენტია, რომ არავის აქვს უფლება, ჩუმად დარჩეს.

ქართველ მუსლიმთა კავშირში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ შექმნა პოლიტიკური კრიზისი და ის ვალდებულია, მოუსმინოს საქართველოს მოსახლეობას, გაიაზროს ქართველი ხალხის პროტესტის შინაარსი, გონივრული და რაციონალური ნაბიჯები გადადგას არსებული სიტუაციიდან გამოსასვლელად.

„რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორც რელიგიური ორგანიზაცია, ვცდილობთ, თავი შევიკავოთ ღიად ჩვენი დამოკიდებულების დაფიქსირებისაგან. თუმცა, ვფიქრობთ ეს ის მომენტია, როცა არავის არ აქვს უფლება, ჩუმად დარჩეს.

ამ ხნის განმავლობაში იმედს ვიტოვებდით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნებოდა რაციონალური და ცივილური პასუხი საქართველოს მოსახლეობისადმი, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ პარლამენტის წინ, პარლამენტის წევრების იმ უპასუხიმგებლო გადაწყვეტილებას, რომლითაც ჩააგდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულად ჩატარების შესაძლებლობა.

ვფიქრობთ, პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები იქნებოდა საუკეთესო შანსი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარეც, მხოლოდ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება იქნება არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო შესაძლებლობა.

სხვა შემთხვევაში, როგორც ვხედავთ საქართველოს ხელისუფლება უკვე გადავიდა ყველა რაციონალურ და ეთიკურ ზღვარს. მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, სამწუხაროდ, მათი ფიზიკური დასახიჩრება და ბოლოს 26 ნოემბრის გამთენიისას მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა წყლის ჭავლითა და სხვადასახვა საშუალებით, კიდევ უფრო მეტს გვეუბნება ხელისუფლების არაადეკვატურ მოქმედებებზე.

იმედს ვიტოვებთ, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ უკეთ გაიაზრებს სახელმწიფოებრივ პასუხიმგებლობას და მოუსმენს ხელისუფლების ლეგიტიმურ წყაროს საქართველოს მოსახლეობას.

ღმერთმა გააერთიანოს და გააბრწყინოს ჩვენი სამშობლო საქართველო”, – ნათქვამია ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში.