„მინდა, ახალგაზრდებს გითხრათ, საქართველოს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენ უნდა მიიტანოთ ეს დროშა იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, ის ფასეულობები, რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს დროშა ამ ყველაფერს წარმოადგენს და ეს დროშა ამდენად არის ჩვენი დასაცავი, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს და იცავს იმ ფასეულობებს, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენ. დროშა ჩვენი ერთობის გარეშე კარგავს თავის ძალას, კარგავს თავის დანიშნულებას, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველაფრის მიუხედავად მივაღწიოთ იმ ძალიან დიდ ძალას, ქვეყნისა და ნებისმიერ სახელმწიფოში, რასაც ხალხის ერთობ ჰქვია.
მინდა, რომ ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია, თქვენ ეს დროშა უნდა მიიტანოთ იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, რომ ის ფასეულობები რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, ის ფასეულობები ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი.თქვენ ყველას გესმით დღეს მე რაზე ვსაუბრობ და არ მინდა, რომ ვისაუბრო, მაგრამ გესმით კარგად. თქვენ დაიცავით ქვეყანა და ამით დაიცავთ ამ დროშას. ეს დროშა იქნება მუდმივად მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვებას ვუსურვებ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს ამ დღეს ულოცავს და განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წლევანდელი თარიღი ღირსშესანიშნავი ასევე იმიტომ არის, რომ ისტორიული დროშის აღდგენიდან 20 წელი შესრულდა.
„საქართველოს სახელმწიფო დროშა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სიმბოლოა. თეთრ ველზე გამოსახული ხუთი მეწამული ჯვარი საუკუნეების განმავლობაში იყო აღმართული თბილისის და ცხუმის (სებასტოპოლისის) თავზე და აღნიშნავდა ევროპული, ქრისტიანული ცივილიზაციის უკიდურეს აღმოსავლეთს. ნიშანდობლივია, რომ საქართველო დღესაც ამ დროშით იბრუნებს ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში.
წლევანდელი თარიღი ღირსშესანიშნავია ასევე, რადგან შესრულდა 20 წელი ისტორიული დროშის აღდგენიდან. საბჭო ულოცავს საზოგადოებას დროშის დღეს და მოქალაქეებს მოუწოდებს აღმართვისა და გამოფენის შემთხვევაში დროშისადმი გამოიჩინონ ღირსი პატივისცემა…“,- ნათქვამია განცხადებაში.