საქართველოს პარლამენტში „ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის განხილვსას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სალომე სამადაშვილმა და ხათუნა სამნიძემ შეკითხვები ამნისტირებული პირის ამნისტიაზე თანხმობის მექანიზმის შესახებ დასვეს.
ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ის არ ეთანხმება ამნისტიას, სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, ამის მიუხედავად, შეეხება თუ არა მას ამნისტია.
ანრი ოხანაშვილმა სამადაშვილს უპასუხა, რომ ნიკა მელიას საჯარო პოზიცია მისთვის არაფერს ნიშნავს. ოხანაშვილმა გაიხსენა მელიას ფრაზა, რომ ვერ დააკავებდნენ და ასევე მისი უარი ევროკავშირის გირაოზე და თქვა, რომ მის სიტყვებს არ უნდა ვენდოთ.
„ჩვენ არ ვართ ორიენტირებული, მოვერგოთ კონკრეტულ პირს. ვართ ორიენტირებული, დავიცვათ სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები, საზოგადოების ინტერესი და შევამციროთ პოლარიზაცია.
ამნისტია შეეხება თუ არა, მისი თანხმობა არავის სჭირდება და არც არის ამ დოკუმენტში ჩადებული. გასაღები მის ხელშია, მიიღებს ის ამნისტიას თუ არა, ჩვენ ვერავის დავაძალებთ“, – განმარტა ოხანაშვილმა.
ხათუნა სამნიძემ კი ანრი ოხანაშვილს ჰკითხა, რატომ ჩაიწერა კანონპროექტში ეს პირობა.
„ამხელა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას მეტი სადარდებელი არა აქვს და მთელი ენერგია მიმართულია იქეთკენ, რომ როგორმე ნიკა მელიას ღირსება შეულახოს და მისი დისკრედიტაცია მოახდინოს – მეტი პრობლემა აღარ დაიტოვეთ!“, – განაცხადა სამნიძემ.
ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ და ნიკა მელიას წინაშე ვალდებულების აღებაში დაადანაშაულა.
„ნიკანორ მელიას გარშემო არ ბრუნავს დედამიწა და „ქართული ოცნება“, მით უმეტეს. არავის სჭირდება მისი თანხმობა და ვერსად ნახავთ, რომ მას მოეთხოვება რამე კონკრეტული თანხმობა.
მთავარი, როდესაც თქვენ ღირსებაზე საუბრობთ, დღეს თქვენ საუბრობდით ერთი კონკრეტული ადამიანის ღირსებაზე და დაგავიწყდათ საზოგადოების ღირსება და ინტერესები, არაფრად მიგაჩნიათ დაზარალებული პოლიციელები, სამოქალაქო პირები, რომლებთან კონსულტაციის გარეშე ჯერ პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერეთ ხელი, ახლა ცდილობთ, შეთანხმებას გაექცეთ და პასუხისმგებლობა გადაგაქვთ მათზე“, – მიმართა მან ოპონენტებს.
ასევე, უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა იკითხა, 2019 წლის 20 ივნისს იყო თუ არა ნიკა მელია პოლიტიკური თანამდებობის პირი და თუ კანონპროექტში ჩაიდება პირობა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ შეეხოს ამნისტია, ეს პირობა გავრცელდება თუ არა მელიაზე.
ბექა დავითულიანის შეკითხვა ოხანაშვილმა რიტორიკულ შეკითხვად შეაფასა. მისი თქმით, შალვა შავგულიძეს მიაჩნია, რომ 20 ივნისის აქციაზე ნიკა მელია სამოქალაქო პირის სტატუსით იყო მისული.
„ასეთი ინტერპრეტაციებიც შეიძლება გვქონდეს, არ ვიცი… მიჭირს კომენტარის გაკეთება. გამოდის, რომ თავისუფალი მანდატი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ეხსენება, როდესაც საჯარო შეკრებაზე მოწოდებებს ახორციელებს, იქ არ არის პოლიტიკოსი, როცა შენობაში შემოვა , მაშინ ხდება საჯარო პირი, ასეთ აბსურდამდე შეიძლება მივიდეთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
გარდა ნიკა მელიას საკითხისა, ანრი ოხანაშვილს შეკითხხვები დაუსვეს, კონკრეტულად ვის შეეხება ამნისტია.
„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა, შეეხება თუ არა აქტი 20 ივნისის აქციის დარბევის ბრძანების გამცემ პირებს; ასევე მათ, ვისაც ბრძანება არ გაუცია, მაგრამ არაფერი გააკეთეს ამის შესაჩერებლად; ასევე, 20 ივნისის მოვლენებზე ბრალდებული პოლიციელები ამნისტიის შემდეგ დარჩებან თუ არა სამართალდამცავ სისტემაში. ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა, რატომ არის კანონპროექტში მოხსენიებული სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 1441 -1443 მუხლები. ნაცვლიშვილის თქმით, ამ კანონპროექტით კონვენციური მუხლების დაცვა გათვალისწინებული არ არის.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 117-ე მუხლით და კონვენციური დათქმებით გათვალისწინებულ დანაშაულებს ამნისტია არ შეეხება, არც სამოქალაქო პირს, არც სამართალდამცავს და არც დავალების გამცემს.
რაც შეეხება მუხლებს, ოხანაშვილი განმარტავს, რომ „ეს საკანონმდებლო ტექნიკის საკითხია“ და სპეკულაციის თავიდან ასარიდებლად „ოცნების“ კანონპროექტში სიტყვა-სიტყვითაა გადმოტანილი შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაწერილი ფორმულირება.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ დააყენა ინიციატივა, რომ განიხილონ ამნისტიის კანონპროექტი, თუმცა მხარეების შეთანხმებამდე არ გავიდეს ის კენჭისყრაზე. იაგო ხვიჩიამ კი განაცხადა, რომ მისი პარტია კანონპროექტს კენჭისყრაზე დაუჭერს მხარს.
ქართული ოცნების“ კანონპროექტი
მუხლი 1.
1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება
მუხლი 2.
ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 1441 -1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
რა წერია მიშელის დოკუმენტში ამნისტიაზე:
საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.