საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრეა ჯაღმაიძემ ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში, სავარაუდოდ, სუსიდან გაჟონილი ფაილების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ფაილების ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა და არავინ იცის ვის ინტერესებში შედის ეს, თუმცა, „ზნეობრივი გადაცდომების“ შესახებ რაზეც ამ ფაილებშია აღწერილი ეკლესია და საპატრიარქო დაინტერესდება და მოიძიებს.
დეკანოზმა გააკრიტიკა ტელემედია ეკლესიის და საულიერო პირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო და ამის შესახებ ბევრი ისაუბრა.
„ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კიდევ, რომელიც მუდმივად ტრიალებს ეკლესიის ირგვლივ, ერევა ეკლესია არჩევნებში თუ არ ერევა, ერევა პოლიტიკაში თუ არ ერევა. ზოგიერთ შემთხვევაში ბუნებრივად ხდება ხოლმე ეკლესიის მიმართ გამოხატული პოზიციით თავისივე ამომრჩევლების მიმართ მათთვის საზიანო მესიჯის გაგზავნა. დიდი ხანია ეკლესიას სულ უტრიალებენ ამ კუთხით და ცდილობენ რომ ერთ მხარეს ჩამოაშორონ, მეორეს… მაშინ როდესაც ეკლესია მუდმივად გაერთიანებისაკენ ზრუნავს.
… ტელევიზიები არიან მონოდმებული, რომ პოლიტიკაში როგორღაც ჩართონ ეკლესია. ამ ტელევიზიების უკან ვინც დგას, მათ ვუსვამთ კიდევ ერთხელ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს, წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც ფიქრობს თქვენ შესახებ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელი არის ამის მერე არავის აღარ უკვირდეს თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს მან არჩევნებზე”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
12 სექტემბერს მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი.
საუბარია, ათასობით დოკუმენტზე. მედია აცხადებს, რომ დოკუმენტები სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებისა თუ საპატრიარქოში დასაქმებულების პირად ცხოვრებასა და საქმიანობას შეეხება. მასალებში ნახსენებია პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.