პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისი აზრია, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ახლა კანონპროექტითაა გათვალისწინებული, მიღების შემთხვევაში, 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მისი თქმით, ეს ეხება როგორც საარჩევნო ბარიერს, ისე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.
კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე მუშაობა და განხილვა არ მიმდინარეობს.
„ბევრი რამე იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებაზე. დღეს ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არავითარი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს, გამომდინარე იქედან, რომ ის ბარიერი, რომელიც მოქმედებს დღეს და რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან, უფრო სწორად, არის სრულიად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. 2024 წლიდან ყველა შემთხვევაში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა თავის 5%-იანი ბარიერით.
რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, უკეთესია, თუ არა ეს 5%-იანზე, ამაზეც არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ამიტომ ამასაც სჭირდება ცალკე სიღრმისეული მსჯელობა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას და ეს საჩუქარი მათ გაუკეთდება თუ არა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება ჩანაწერს მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩემი პირადი პოზიციაა და ამას, ალბათ, გაიზიარებს მთელი უმრავლესობა – მომდევნო არჩევნების შესახებ ჩანაწერი უნდა იქნეს ამოღებული. ერთმნიშვნელოვნად, თუ რაიმე ცვლილება ამოქმედდება ბარიერის კუთხით, ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს მხოლოდ და მხოლოდ 2024 წლიდან… ორივეს ეხება პროპორციულსაც და ბარიერსაც. ჩემი პირადი პოზიციაა, თუ ცვლილებები ამოქმედდება ბარიერთან დაკავშირებით, ეს ცვლილებები აუცილებლად უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან და არა ისე, როგორც არის ახლა პროექტით გათვალისწინებული. ყველა ნაწილში“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისი თქმით, უნდა დარწმუნდნენ ერთ რამეში, რომ ოპოზიციურ სპექტრში არსებობს სურვილი, რომ არსებული პოლარიზებული გარემო შეიცვალოს. კობახიძის თქმით, თუ ამ სურვილს ისინი აჩვენებენ, მაშინ „ოცნებამ” „შეიძლება მიიღოს ერთი გადაწყვეტილება, თუ ვერ აჩვენებენ, მაშინ შეიძლება, მიიღონ სხვა გადაწყვეტილება”.
„რატომ? იმიტომ, რომ თავისთავად დაბალი ბარიერი არის მიდრეკილი არასტაბილურობისკენ. ეს არის მთავარი მინუსი, რაც აქვს დაბალ ბარიერს. სწორედ ამის გამო ევროკავშირის წევრ 2 ქვეყანაშია მხოლოდ დადგენილი 3%-ზე უფრო დაბალი ბარიერი. ჩვენ თუ დავინახეთ, რომ რისკები არასტაბილურობისკენ, ასედაც და ისედაც რჩება, ამ შემთხვევაში ჩვენ ეს რისკები დამატებით არ უნდა გავაღრმაოთ უფრო დაბალი ბარიერით. ამიტომ შევხედავთ – როგორი იქნება ოპოზიციური სპექტრის მოქმედება. თუ დავინახეთ, რომ ისინი ავლენენ ნებას პოლარიზაციის შემცირებისკენ, ამ შემთხვევაში ჩვენ მხარეს მეტი მოტივაცია იქნება”, – განაცხადა მან.
მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები, 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის. 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში კი, ეს ვადამდელი არჩევნები, გასული წლის მსგავსად, 120+30 სისტემით უნდა ჩატარდეს, 1%-იანი ბარიერით, სადაც 30 მანდატი ისევ მაჟორიტარების იქნება.
ამ სისტემას ცვლის შარლ მიშელის შეთანხმება, რომელშიც ნათქვამია, რომ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 0-დან 2%-მდე ბარიერით უნდა ჩატარდეს. შეთანხმებით განსაზღვრული პირობები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში უნდა აისახოს, ამიტომ საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობის – 113 დეპუტატის მხარდაჭერა.
სექტემბერში პარლამენტმა ამ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ბარიერი 2%-ით განისაზღვრა, თუმცა „ქართულ ოცნება“ მეორე მოსმენისთვის მის 1%-ით გაზრდას და საკონსტიტუციო ცვლილების საბოლოო სახით მიღებისას 3%-იან ბარიერს მოითხოვდა.