ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თითოს 20 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ მელაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.
„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის სულ ყველას – ეს ერთი; მეორე – ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა, მოხდა ის… ეს საზოგადოების დამსახურებაც არის და პირველ რიგში, ალბათ, ჩემი ადვოკატების დამსახურება არის, მოხდა ის, რომ გაგვათავისუფლეს პატიმრობიდან. პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, გავიმარჯვებ.
დაკავების შანსი არ არსებობდა. არ იყო არავითარი საფუძველი და მეორე მხრივ ის, რომ ამათგან ამდენი ხანი საერთოდ არ იყო დაპატიმრების საფუძველი, მაგრამ დამაპატიმრეს, ამიტომ ყველაფერს ველოდები.
გირაოს არ ვეთანხმები, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ არსებითად არ ვეთანხმები გირაოს. არავითარი ბრალეულობა არ მიგვიძღვის არც მე, არც ნატალიას.
უსაზიზღრესი ბრალდებაა, ამას გეტყვით. შესაბამისად, ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი“, – განაცხადა მელაშვილმა.
მელაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების დიდ მხარდაჭერას გრძნობს. მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს და განაცხადა, რომ აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს.
ივერი მელაშვილმა პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ჩანაწერებზეც ისაუბრა:
„ეს არაფერი ის არ არის. რაც კაბინეტში ჩაწერეს, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, მეტი არაფერი არ ყოფილა.
სამუშაო განხილვა იყო ასევე ის, რაც მერე გაახმაურეს კადრები, რომ ვითომ რაღაცა ისმის და ვის შესახებაც ვლაპარაკობ“, – განაცხადა მან.
ივერი მელაშვილის მტკიცებით, საკითხი შეეხება სამუშაო შეხვედრას. კომისიის თავმჯდომარეს ხვდება თანამშრომელი და საუბრობენ. მისივე თქმით, სამუშაო ვითარებაში გამართული საუბარი არ შეიძლება იყოს გასაჯაროებული.
„ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური, როგორც ადრე ვთქვი, ადრეც განვაცხადე არაერთხელ. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ბრალდება, როგორც ასეთი, წამოწეული, არის აბსურდული, არ ემყარება, ნამდვილად არავითარი საფუძველი არ აქვს იმის, რომ ან ნატალია ან მე ან ვინმე ექსპერტის ბრალეულობა არსებობდეს ფართობის გადაცემის ან წინა ხელისუფლების მიერ იყოს… ეს აბსურდულია, ისევე, როგორც თვითონ ბრალეულობა, რომ ვიღაცა ცდილობდა ფართობების გადაცემას. არარსებულია. ამის საფუძველი არ აქვს. საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც, რომ თითქოს რაღაც საზიანოდ შეთანხმდა. არავითარი არ მომხდარა, შეთანხმდა, როგორც იყო საჭირო.
ბოლომდე არ მომისმენია, რაზედაც არის საუბარი, ვთქვათ, ჩემსა და მალხაზს შორის, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ეს არის სამუშაო საუბარი. გოგი მანჯგალაძეზეც რომ არის ლაპარაკი, ეს არის სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრაზე უამრავი საკითხის განხილვა ხდება. ზოგზე არსებობს აზრთა ჭიდილი, ზოგზე კი ბატონო, თუ ხედავ, რომ ნათელია… ეს იყო რიგითი შეხვედრა“, – განაცხადა მელაშვილმა.
ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასამართლომ მათ 20-20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.