არავითარი განსაკუთრებული ზეწოლა ან ცუდი დამოკიდებულება არ დამინახავს – გაფრინდაშვილი

პუბლიკა

ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის იზოლატორსა და წინასწარი დაკავების განყოფილებაში მის მიმართ არსებულ პირობებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გაფრინდაშვილის თქმით,  როგორც მის, ასევე სხვა ქართველების მიმართ, რომლებიც ასევე იყვნენ დაკავებულები,  ცხინვალის იზოლატორის წარმომადგენლების დამოკიდებულება იყო ნორმალური.

გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ მას  განსაკუთრებული ზეწოლა ან ცუდი დამოკიდებულება არ დაუნახავს.

„პირველი 4 დღე ვიყავი მესაზღვრეების „კაპეზეში“,  თუ რაც ჰქვია, აი, იქ. სამსაწოლიან ოთახში ვიყავით ოთხნი.  ამიტომაც ორნი ჩავდიოდით ქვემოთ, უფანჯრო ოთახში, კარცერია, მგონი. სამი დღე იქ ვიყავი.

მერე ვიყავი იზოლატორში ორი დღე, სასამართლოს მერე წინასწარი დაკავების განყოფილებაში. ერთადგილიანში ვიყავი და მარტო გავყავდი სასეირნოდ. დამოკიდებულება პირველივე დღიდან და სხვა დაკავებული ქართველების მიმართ იყო ნორმალური, ჩვეულებრივი.

სამწუხაროდ, მე გამოცდილება არ მაქვს, სხვა ადგილებში როგორ ხდება. არავითარი განსაკუთრებული ზეწოლა ან ცუდი დამოკიდებულება არ დამინახავს თვითონ ადგილობრივებისგან. დაცვის თანამშრომლები, თუ ვინც იყვნენ,  აგრესია ან ცუდი დამოკიდებულება არ იყო. პირიქით,  თავიდან ორი იყო ნაცემი და ისინიც აღშფოთებულები იყვნენ. რუსი მესაზღვრეების მიერ  იყვნენ ნაცემნი“, – თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო ძალებმა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს და მას ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენეს.  ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.