პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ შეკრების უფლების სათანადო რეალიზებასა და არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხისათვის ნათელის მოფენას.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას მოუწოდებენ, შეკრების თავისუფლებით მშვიდობიანი ფორმითა და კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით იმოქმედონ. ასევე, მნიშვნელოვანია საელჩოების მოწოდება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, რათა მათ აიღონ პასუხისმგებლობა ქმედითი პარლამენტის ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე.
ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტის დაკავებას, რომლებმაც განახორციელეს ზეწოლა და მუქარა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის მიმართ, რის შედეგადაც 43 წლის ახალგაზრდა ადამიანი რამდენიმე საათში გულის შეტევით გარდაიცვალა.
უპირველეს ყოვლისა, სწორედ თავისი დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს გამო მიიღო ამ პოლიტიკურმა ძალამ მკაცრი პასუხი ქართული საზოგადოებისგან და იწვნია მძიმე მარცხი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტივისტი, რომელიც შეეცდება ადამიანებზე ზეწოლას და მათ დაშინებას, მიიღებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ დღევანდელ აქციაზე ესკალაციის საფრთხე არ არსებობს, რადგან ოპოზიცია ვერ მოახერხებს მოქალაქეების მობილიზებას.
„არავითარი რისკის შემცველი ეს აქცია არ არის, გარდა ერთისა, ეს არის კოვიდის გავრცელება. მათ მოახერხეს ბათუმიდან ვირუსის ექსპორტირება, სამწუხაროდ. სხვა რაიონებში იგივეს აპირებენ (ახლა თბილისიდან სხვა რაიონებში), რაც არის კიდევ ერთი მაჩვენებელი ამ პოლიტიკური ძალისა, რომ ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს. მათ აქვთ დაგეგმილი დაახლოებით 12 000 ადამიანის შეკრება თუმცა ჩვენი მონაცემებით, ისინი ახერხებენ ბევრად ნაკლების მობილიზებას. მათ გეგმებს, გარდა კოვიდის გავრცელებისა, აღსრულება არ უწერია”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
დღეს ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ. ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე და ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი. მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა.
აქცია თბილისში, სხვადასხვა ადგილზე დაიწყება და მსვლელობით პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლებს. საპროტესტო აქცია 15.00 საათზეა დაგეგმილი.