„არავითარი ზღვარი პარტიასა და კუთვნილ ტელევიზიას შორის არ არსებობს“ - კობახიძე უდუმაშვილზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზაალ უდუმაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და ტელევიზიაში დაბრუნების გადაწყვეტილება შეაფასა.

კობახიძის განცხადებით, უდუმაშვილის ნაბიჯმა ცხადი გახადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის კუთვნილ ტელევიზიებს შორის ზღვარი არ არსებობს“.

„ჩვენ ისედაც ყველამ ვიცით, რომ ყოველგვარი ზღვარია წაშლილი  ამ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ მედიასაშუალებებს შორის.

[უდუმაშვილმა] თვითონ აღიარა, რომ არავითარი ზღვარი არ არსებობს სინამდვილეში მის პოლიტიკურ პარტიას და ამ პარტიის კუთვნილ ტელევიზიებს შორის. შენ პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ ამ პარტიის შემადგენელი ნაწილი, რაც აღიარა უდუმაშვილმა. არავითარი ზღვარი პარტიასა და კუთვნილ ტელევიზიას შორის არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.

ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და მედიას უბრუნდება. ის პარლამენტში დეპუტატის მანდატსაც ტოვებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ პროპორციული სია ჩახსნილი აქვს, შესაბამისად უდუმაშვილს ადგილმონაცვლე არ ეყოლება და ნიკა მელიას შემდეგ ენმ-ის ფრაქცია კიდევ ერთ დეპუტატს დაკარგავს.