არც 2020 წელს გადადგმულა სათანადო ნაბიჯები ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის ხარვეზების აღმოსაფხვრელად - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – თავდაცვა და უსაფრთხოების“ მიერ გამოქვეყნებულ „სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის“ (GDI) 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს 60 ქულა აქვს, რითაც თავდაცვის სფეროში „კორუფციის საშუალო რისკის კატეგორიაში“ ხვდება.

9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ორგანიზაცია ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს, პანდემიისა და საპარლამენტო არჩევნებისას, ცხადად გამოჩნდა საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის გადაუჭრელი გამოწვევები.

აქვე ნათქვამია, რომ მართალია საქართველოში კვლავ იშვიათია წვრილმანი კორუფციის შემთხვევები, მაგრამ გადაუჭრელ პრობლემად რჩება მაღალი დონის კორუფცია, რაც ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ივნისში გამოქვეყნებული „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების“ თანახმად, ქვეყანაში ქმედით ანტიკორუფციულ პოლიტიკას რიგი სისტემური ხასიათის პრობლემები აფერხებს, მათ შორის:

  • ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხი და მმართველი პარტიის ფაქტობრივად სრული კონტროლი საჯარო ინსტიტუტების დიდ ნაწილზე. არაფორმალური გავლენა მთავრობისა და სხვა საჯარო ინსტიტუტების საქმიანობაზე.
  • პარლამენტისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობა, რაც ამცირებს მათ უნარს, ქმედითი ზედამხედველობა გაუწიონ მთავრობისა და სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას.
  • პოლიტიკური კონკურენციის სისუსტე, რასაც საფუძვლად უდევს მმართველი პარტიის პრივილეგირებული წვდომა რესურსებზე. საარჩევნო დაფინანსების მარეგულირებელი ნორმების დარღვევებზე და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევებზე ქმედითი რეაგირების არარსებობა.

2020 წლის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების ფარგლებში სხვა პრობლემური საკითხებიც გამოიკვეთა:

„ამ ფაქტების ერთობლიობა ცხადყოფს, რომ ისევე, როგორც გასულ წლებში, საქართველოს ხელისუფლებას არც 2020 წელს გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები ქვეყნის ანტიკორუფციული სისტემის, კანონმდებლობისა და პოლიტიკის ხარვეზების აღმოსაფხვრელად“,- ნათქვამია განცხადებაში.