ტელეკომპანია „ფორმულა“ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის კომენტარს ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ განაპირობა „ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმა მმართველი გუნდის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის ენის ხშირად გამოყენებამ, უპასუხა, რომ „სიძულვილის ენა არ აკლია ამ ქვეყანას და სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმში ვართ. ვეჯიბრებით ერთმანეთს ,ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა.“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ნუ დავინახავთ კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ზოგადად, სიძულვილის ენა არ აკლია ამ ქვეყანას და სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმში ვართ. რომ ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა. ვახო სანაიას ფაქტი შემაძრწუნებელი და შემაშფოთებელია და უნდა იყოს გამოძიებული.” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
დღეს შსს-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, თბილისში.
ვახო სანაიამ ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სამივე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ნასვამები იყვნენ. მათ ვახო სანაია ამოიცნეს, როცა მან ჩამოიწია პირბადე, აგრესიის მიზეზი კი მისი პროფესიული საქმიანობა იყო, რადგან თავდამსხმელები იგინებოდნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით.
მისი თქმით, მას აქვს დაზიანებები თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილას.
მისივე თქმით, თავდამსხმელები „კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს აგინებდნენ გამორჩეულად.“