არც ერთ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული – ბაჩალიაშვილის დედა საქმის დახურვაზე

პუბლიკა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურატურის მიერ მისი შვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ უწყებამ 6 თვის განმავლობაში ვერც ერთ კითხვას ვერ გასცა პასუხი.

„არც ერთ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული. 6 თვის განმავლობაში, ესე იგი, მხოლოდ არჩევნების გამო იწელებოდა ეს საქმე, როგორც ვვარაუდობდი. დამთავრდა არჩევნები, მოერგნენ სკამებს და ესეც დამთავრდა“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

შეკითხვაზე, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი, თამაზაშვილმა თქვა, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

„ჩემი მოთხოვნები იგივე რჩება. მიხეილთან [ადვოკატი] ერთად გადავწყვეტთ. იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენთვის… პანდემიის გამო გვეგონა არ დახურავდნენ, მაგრამ, რაკი დახურეს, ესე იგი, თავი ქუდში ჰგონიათ. ვნახოთ, მოვილაპარაკებთ და ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა. პროტესტის ყველანაირ ფორმას მივმართავთ”, – თქვა თამაზაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგი გაიმართა.

პროკურორმა საზოგადოებას გააცნო მტკიცებულებები, რომლებმაც, მისი თქმით, ცხადყოფს, რომ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩაუდენიათ და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.