არც ერთ კომპანიას ტარიფის მატებაზე არ მოუმართავს – სემეკი

პუბლიკა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ამბობენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მატების მიზნით მათთვის არც ერთ კომპანიას არ მიუმართავს.

„სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს – სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, ასევე წყალმომარაგების კომპანიებს – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „რუსთავის წყალს“ და შპს „მცხეთის წყალს“ ტარიფები დადგენილი აქვთ 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის გამანაწილებელმა და წყალმომარაგების კომპანიებმა, 2021-2023 წლებისათვის გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით, სემეკს მომართეს მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, რის საფუძველზეც კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები, შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა კომისიის ვებგვერდზე, ასევე გაჟღერდა სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ.

კომისია განმარტავს, რომ არც ერთი კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატარიფო განაცხადი არ შეიცავს ტარიფის ზრდის ან შემცირების მოთხოვნას და მოიცავს მხოლოდ კომპანიის გასული წლის ფაქტობრივ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს“, – ამბობენ სემეკში.