არც ერთხელ გიხსენებიათ 20 ივნისი, დაგავიწყდათ ეს დღე, თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ - კახიძე გახარიას

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტში, მთავრობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა.

„ყურადღებით გისმენდით თქვენი ანგარიშის პრეზენტაციის დროს და არც ერთხელ არ გიხსენებიათ 20 ივნისი. ეს როგორ არის, ანუ დაგავიწყდათ ეს დღე, ამოიგდეთ მეხსიერებიდან, თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ. 2019 წელს არ მოხდა ეს მოვლენები? თუ ის დაგავიწყდათ, ამ თანამდებობაზე როგორ აღმოჩნდით.

თუ დაგავიწყდათ, მე მინდა, გაგახსენოთ, რომ ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, შს მინისტრი როცა იყავით, ოკუპაციის კანონის დარღვევით შემოუშვით ქვეყანაში გავრილოვი, შემდეგ სამართლიანად აღშფოთებულ ჩვენს მოქალაქეებს დაუყენეთ პარლამენტის ღობის გარეთ თქვენი პოლიციის დანაყოფები, რითაც პირდაპირ ფიზიკური კონტაქტის პროვოცირება მოახდინეთ.

შემდეგ, ძალის გამოყენებას რომ აპირებდით, ამაზე გაფრთხილების ნაცვლად, პირიქით გაფრთხილება მიეცით მოქალაქეებს, რომ ჩვენი ხელწერა არ არისო რეზინის ტყვიების გამოყენებაო, თქვენი წინამორბედის პირით.

ამის შემდგომ, დაიწყეთ რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ჭურვების სროლა მომიტინგეებისთვის, რომლებიც, ქაშუეთის ეკლესიასთან, კინო რუსთაველთან და მხატვრის სახლთან ვინც იდგნენ, არათუ პოლიციასთან კონტაქტში არ იყვნენ, არამედ საერთოდ ვერც ხედავდნენ პარლამენტის კიბეებს. ამის შემდეგ, გააჩაღეთ ნადირობა მომიტინგეებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ თქვენს მოქმედებას, გავრილოვის ჩამოყვანას და ქართველი ხალხის შეურაცხყოფას.

ამ ყველაფრის შემდგომ, არ ახსენებთ თვალებდათხრილ ახალგაზრდებს, მაკო გომურს, გიორგი სულაშვილს და მაინტერესებს, დაგავიწყდათ ეს დღე რომ მოხდა? დაგავიწყდათ თქვენი პასუხისმგებლობა? არ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას? თუ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, მაშინ აქ რა უფლებით დგახართ, ამ ტრიბუნიდან როგორ გვმოძღვრავთ კიდევ და თუ არ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, რატომ არ გრძნობთ?“,- მიმართა ოთარ კახიძემ გიორგი გახარიას.