უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და არ არის შესაძლებლობა იმისა, რომ მიიღონ დიმიტრი ხუნდაძის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
„მათ აქვთ ამისი უფლება. მე ვერ გეტყვით, რატომ გააკეთეს ეს ინიციატივა. შევიკრიბებით და ვისაუბრებთ. ისედაც დამთავრებული იყო საუბარი ამ თემაზე. ჩვენ აღარ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და აღარ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ეს ცვლილება. არც გერმანული, არც ფრანგული, ახალ მოდელს ვეღარ მივიღებთ. უნდა შევეგუოთ იმას, რომ ამ პრინციპით უნდა ჩავატაროთ არჩევნები“, – თქვა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, ის მხარს უჭერს შერეულ სისტემას, თუმცა მანამდე პროპორციულს დაუჭირა მხარი, რადგან ეს იყო ხალხის მოთხოვნა.
„მე მხარს ვუჭერ შერეულ სისტემას. პროპორციულს მხარი დავუჭირე იმიტომ, რომ ეს იყო ხალხის მოთხოვნა. მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით არ მიმაჩნია, რომ უნდა იყოს არჩევნები. ჩვენ ვართ სამხარეო სისტემის ქვეყანა და სასურველია, ორივე იყოს, პროპორიცულიც და მაჟორიტარულიc“. – თქვა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან.