„არც კანონიერია, არც სამართლიანი“ | მელიას განცხადება და შეფასებები „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე

პუბლიკა

„ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით და ახლა, თუ აფგან მუხთარლივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა, საქმე რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია წერს.

ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ბრიფინგს, რომელზეც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მელიას მანდატის გაუქმებას მხარს დაუჭერს.

„გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით რომ გადავიხდიდი.

რაც ვთქვი, შევასრულე – გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით.

ვერ დამიჭერთ რადგან გირაოს გირაოს გადაუხდელობის გამო დაჭერა არც კანონიერია და მითუმეტეს არც სამართლიანი.

ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით და ახლა, თუ აფგან მუხთარლივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა, საქმე რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთ.

ვერ დამიჭერთ, რადგან საქმე ჩემს დაჭერას კი არ ეხება, ეხება იმ თავისუფლების იდეის დაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებული ადამიანი გაგვაერთიანა.

კიდევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ და ვერც ამ დაჭერობანას თამაშით გამტეხავთ“, – წერს ნიკა მელია Facebook-ზე.


„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ლაშა დამენია აცხადებს, რომ მელიას საქმე სამართლებრივი ნონსენსია.

„გირაოს არგადახდის გამო გირაოთი იჭერენ ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ეს „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ალოგიკური მოქმედებაა. „ქართული ოცნება“ ამ ქმედებით მიიღებს გაორმაგებულ და გასამმაგებულ პროტესტს ქუჩაში“, – განაცხადა დამენიამ.

Nika Melia / ნიკა მელია-ს გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი. ჩვენ საქართველოს თავისუფალ საზოგადოებას გავრილოვის…

Posted by Gigi Ugulava on შაბათი, 13 თებერვალი, 2021

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ის რაც ხდება ნიკა მელიასთან მიმართებით, პოლიტიკური დევნაა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ყველა სახის პოლიტიკური დევნა. ეს იქნება მეორედ უკვე „ქართული ოცნების“ კრახი, როდესაც დეპუტატობის იმუნიტეტს მოუხსნის მელიას“, – თქვა ჩიხლაძემ.

მისივე ინფორმაციით, ხვალ, 15 თებერვალს ოპოზიციის გაერთიანებულ შეხვედრაზე იმსჯელებენ და გადაწყვეტილებებს მიიღებენ სამოქმედო სტრატეგიაზე. ჩიხლაძემ თქვა, რომ მელიას დაკავება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ჩიხისკენ და მოლაპარაკების ჩაშლისკენ.

„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ „მხდალი გადაწყვეტილება ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გარღმავებას“.

მისი თქმით, მმართველი პარტია სათავისოდ ირგებს კონსტიტუციას და კანონს. ბუაძის შეფასებით, პარლამენტარების ეს განცხადება პოლიტიკური დევნის დადასტურებაა.


„ქართული ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს.

საქართველოს პროკურატურამ  აღნიშნულის შესახებ პარლამენტს 12 თებერვალს, პარასკევს მიმართა.

პროცედურის მიხედვით, პროკურატურის მიმართვა პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდება, ბიურო საკითხს განსახილველად დააწერს საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ კომიტეტებს. კომიტეტების დასკვნის შემდეგ უახლოეს პლენარულ სხდომაზე საკითხს უკვე კენჭს უყრიან.