„არც კი იფიქროთ NATO-ს ტერიტორიაზე ერთი სანტიმეტრით შეჭრაზეც კი, NATO-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის კოლექტიური დაცვის ვალდებულება გვაქვს“, – ამ სიტყვებით მიმართა რუსეთს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას.
„აშშ ეხმარება უკრაინას შეიარაღებით, თუმცა მე მკაფიოდ ვთქვი, რომ ამერიკული ძალები ევროპაში რუსეთთან კონფლიქტში ჩასართავად არ იმყოფებიან. ამერიკული ძალები ევროპაში იმყოფებიან NATO-ს მოკავშირეების დასაცავად. გუშინ მე შევხვდი სამხედროებს, რომლებიც პოლონეთის საზღვარზე მსახურობენ, რათა გააძლიერონ NATO-ს ძალების თავდაცვის ხაზი.
ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ მკაფიოდ გვინდა, განვაცხადოთ, არც კი იფიქროთ NATO-ს ტერიტორიაზე ერთი სანტიმეტრით შეჭრაზეც კი. ჩვენ გვაქვს წმინდათაწმინდა ვალდებულება, მეხუთე მუხლის მიხედვით, რაც ითვალისწინებს NATO-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის კოლექტიურ დაცვას.
მანამდე, მე ვეწვიე ეროვნულ სტადიონს, სადაც ათასობით უკრაინელი ლტოლვილი იყო შეკრებილი, რომლებიც ყველაზე რთულ კითხვას სვამენ – რა მოგვივა? რა გვეშველება? რა ეშველება ჩემს ოჯახს? მე დავინახე ცრემლი დედების თვალში, ვნახე პატარა ბავშვები, როლებმაც არ იციან, იცინონ თუ იტირონ. ერთმა პატარა გოგონამ ინგლისურად მკითხა, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი ძმა და მამა კარგად იქნებიან? მე შევძლებ მათ ნახვას კიდევ ერთხელ?“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენმა განაცხადა ისიც, რომ აშშ მიიღებს 100 000 უკრაინელ ლტოლვილს და აშშ გამოყოფს 300 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის.
„ყველა დემოკრატია მსოფლიოში ვალდებულია, დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილებს. უკრაინელ ხალხს შეუძლია, ჰქონდეს აშშ-ის იმედი. მე რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ აშშ მიიღებს 100 000 უკრაინელ ლტოლვილს. ჩვენ გამოვყოფთ 300 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის, რაც მოიცავს ათეულობით ათასს ტონა საკვებს, მედიკამენტებს და პირველადი დანიშნულების საგნებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.