არც უარვყოფთ, არც ვადასტურებთ – ცენტრი განმუხურის კარანტინში ინაშვილისა და თარხან-მოურავის გადაყვანაზე

პუბლიკა

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. „მთავარი არხი“ აცხადებს, რომ  დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი 2 დღის წინ ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და დაახლოებით 4 საათი დაჰყვეს. ტერიტორია მათ ღამის 12 საათისკენ დატოვეს.

„მთავარ არხს“ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ყოფნა დაუდასტურა პირმა, რომელიც აცხადებს, რომ  ენგურის ხიდიდან ორივე პოლიტიკოსი განმუხურში, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

„პუბლიკა“ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ირმა ინაშვილთან და დავით თარხან-მოურავთან დაკავშირებას ცდილობდა. პირად ტელეფონზე ზარს მათი თანაშემწე პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ ირმა ინაშვილისა და თარხან-მოურავის აფხაზეთის გადასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„პუბლიკა“ საგანგებო სიტუაციები სკოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსაც დაუკავშირდა. ცენტრი საკარანტინო ზონებში ადამიანების განთავსებაზეა პასუხისმგებელი. შეკითხვაზე, იმყოფებოდნენ თუ არა განმუხურში საკარანტინო ზონაში ირმა ინაშვილი და თარხან-მოურავი, გვიპასუხეს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ.  

„მთავარი არხი“ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს, გიორგი ლომიასაც ესაუბრა. ლომიამ განაცხადა, რომ ამჟამად დავით თარხან-მოურავი აჭარის რეგიონში იმყოფება.