„ჩვენ უკვე გავიარეთ კონსულტაციები და, არცერთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო პროცესს ზიანი არ მიადგება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ პროცესის შეუფერხებლად წარმართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამეთუ პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენს მოქალაქეებს წარმოუდგენიათ, ვგულისხმობ საარჩევნო კონტექსტში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმითაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საკონსტიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ვერ შეაფერხებს.
„შევჯერდით უმოკლეს ვადებზე, რა ვადებშიც კონსტიტუციისა და რეგლამენტის დაცვით არის შესაძლებელი კონსტიტუციის გადასინჯვა. ეს არის, დაახლოებით, მაქსიმუმ, ერთთვიანი ვადა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საბოლოო ჯამში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. საკმარისი დრო დარჩება მას შემდეგ, რაც ჩვენ სრულად მოვახერხებთ კორონავირუსის დამარცხებას საქართველოში. დრო გვაქვს საკმარისი ამისთვის, გვქონდა ამაზე კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან და ვართ შეჯერებული შესაბამის გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.