„მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა“,- წერს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“,- წერს სააკაშვილი.
19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგები იძლევა საფუძველს, რომ ითქვას – მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. „ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები, რომლებიც არის აღმოჩენილი კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში, ეს არის საფუძველი, რომ ითქვას – მიხეილ სააკაშვილი არის მოწამლული. სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება“, – განაცხადა „მთავარ არხთან“ ვალერი გელბახიანმა.
მანამდე, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს.