„არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება“ - ღარიბაშვილი „ბორჯომის“ თანამშრომლებზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლების შესახებ განაცხადა, რომ „უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია და მინდა ვუთხრა ყველას, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება“.

„მე ვიცი, რომ მანამდე რაღაც გარკვეული სირთულეები არის, იქ დასაქმებულები აპროტესტებენ. მე დღეს მქონდა საუბარი ბატონ ზურა აზარაშვილთან, მისი დავალებით უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია და მინდა ვუთხრა ყველას, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას, რა თქმა უნდა, სამართლიანად მოვექცევით და ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც არის საჭირო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „ბორჯომთან“ დაკავშირებით „ეკონომიკის სამინისტრომ პრაქტიკულად დაასრულა უკვე მოლაპარაკებები. ერთ კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერები გავხდებით ჩვენ – სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი და ამით ეს პრობლემაც მოგვარდება“.


დღეს, 6 ივნისს კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლები ქარხნის შესასვლელებთან აქციას მართავენ. 400-მდე გაფიცული თანამშრომელი კუთვნილ ხელფასს და სამსახურიდან გათავისუფლებული 50 ადამიანის აღდგენას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

„გუშინ გავიგეთ, რომ ჩვენს ადგილზე სამუშაოდ უნდა მოეყვანათ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, რუსეთიდან და დღეს გადავწყვიტეთ ქარხნის პიკეტირება, რათა ისინი არ შეგვეშვა ჩვენს ადგილებზე“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამ საკითხზე „IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხელფასების საკითხზე აღნიშნულია, რომ კომპანიას არცერთ ახალი კადრი არ აუყვანია.

„როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია.

ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, კომპანიას არც ერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, – აცხადებს კომპანია.


31 მაისს ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ, – როგორც დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე აცხადებს, გაფიცულია 400-მდე თანამშრომელი.

გაფიცულთა მოთხოვნებია:
  • უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას
  • ხელფასების დარიცხვას;
  • ძველ შრომით პირობებზე დაბრუნებას;
  • უვადო ხელშეკრულებებს ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასების 25%-ით ზრდა;
  •  შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრას მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლებასა და პასუხისგებაში მიცემას;
  • კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას;
  • და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, რაც მნიშვნელოვანია ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობებისთვის.

„IDS ბორჯომმა“ სანქციების გამო წარმოების დროებით გაჩერების შემდეგ დასაქმებულებს ხელშეკრულების ახალი პირობები შესთავაზა.

მოგვიანებით კომპანიამ 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც კომპანია აცხადებს, „თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის” მისაღები არ აღმოჩნდა ხელშეკრულების შეცვლილი პირობები, რის გამოც რეორგანიზაციის პროცესი დაიწყეს.

დასაქმებულები ამბობდნენ, ისინი გაგებით ეკიდებოდნენ კომპანიაში შექმნილ ვითარებას, თუმცა მოითხოვენ, რომ ხელშეკრულების ახალი პირობების მოქმედებაზე დაწესებულიყო ვადა – 3 თვე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი თავიდან შეფასებულიყო ვითარება და შრომის ანაზღაურების საკითხიც შესაბამისად გადაწყვეტილიყო.