არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არაა, როდის, რას და როგორ ვიტყვი - ლომჯარია

პუბლიკა

„მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია, თუ რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე, რატომ ცდილობენ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას?! რა თქმა უნდა, თუ ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს, მათ ვეტყოდი, რომ ეს კამპანია სახალხო დამცველის რეიტინგის გაზრდას ემსახურება“, – განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხელისუფლების მხრიდან მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

„მათ ადგილზე, ასეთ თავდასხმას არ ვაწარმოებდი, ვფიქრობ, მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველს, მის რეიტინგს ზრდის. სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ ვიტყვი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას.

„7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

ლომჯარია კობახიძის პასუხად აცხადებს, რომ თავად გააკეთებს განცხადებას თუ როგორ გააგრძელებს საქმიანობას ვადის ამოწურვის შემდეგ.

„რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მომავალი 4 თვე ძალიან დაკავებული სამუშაო რეჟიმი მაქვს. ჩემს მოვალეობას პირნათლად შევასრულებ. რაც შეეხება იმას, თუ რას გავაკეთებ ვადის ამოწურვის შემდეგ, ამის შესახებ თავად გავაკეთებ განცხადებას. არ ვიცი, ამ საკითხის მიმართ მათი აღელვება და ნერვიულობა რისი ნიშანია. როგორც ჩანს რაღაცაზე ნერვიულობენ“, – აღნიშნავს ლომჯარია.