არჩევნებამდე 2 დღით ადრე მთავრობამ ცესკოს შენობა სტრატეგიული ობიექტების სიაში შეიყვანა

პუბლიკა

23 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა სტრატეგიული ობიექტების სიაში შეიყვანა.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ან/და 330-ე მუხლის მიზნებისათვის, დამტკიცდეს თანდართული „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა“. – ვკითხულობთ განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში კი ვკითხულობთ, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე და იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

330-ე მუხლის თანახმდა კი – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.