ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს, განიხილეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და აღნიშნეს, რომ არჩევნები „სერიოზული” დარღვევებით გამოირჩეოდა.
ასევე, რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „მოქალაქეებს არ ჰქონდათ საშუალება, თავისუფლად გამოეხატათ ნება”. გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა ყურადღება გაამახვილეს არჩევნებში რუსეთის მხრიდან ჩარევასა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნების” დეზინფორმაციულ კამპანიაზე.
რა თქვეს საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ევროპარლამენტარებმა?
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ევროპული ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საკითხებში მარგარიტას შინასი:
„2 მილიონზე მეტმა ქართველმა აირჩია ახალი პარლამენტი, თუმცა ძალიან სერიოზული დარღვევებით და ძალადობით იყო გამორჩეული ეს არჩევნები, როგორც საარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.
მადლობას ვუხდი სადამკვირვებლო მისიებს, რომელიც წარმოდგენილი იყო საქართველოში […]
ნება მომეცით, ხმამაღლა და მკაფიოდ გამოვხატო ეს დასაწყისშივე – არჩევნები არ აკმაყოფილებდა იმ ქვეყნის სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა ჰქონდეს. მმართველმა პარტიამ არათანაბარი პირობებით ისარგებლა – მათ მოახდინეს ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია, საკუთარ თავს წარმოაჩენდნენ ისე, თითქოს ისინი იყვნენ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება შეეძლოთ.
რეჟიმი ასევე ავრცელებდა დეზინფორმაციას – ისინი თრგუნავდნენ განსხვავებულ აზრს და ამტკიცებდნენ, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე პროგრესირებდა”.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე:
„კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით ცდილობენ მოიპოვონ ძალაუფლება ყველგან, საქართველო გამონაკლისი არ არის. აქ, ევროკავშირში, ჩვენ უნდა ვიყოთ ნათელი. საქართველოში არჩევნები არ იყო დემოკრატიული, ჩვენ ვერ ვცნობთ მას. „ქართულ ოცნებას“ არ მოუგია. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკვე გაყინული აქვს და ასე დარჩება. ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს. ასევე უნდა ვიმსჯელოთ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის დახმარებებზეც.
ჩვენ თავიდან უნდა შევაფასოთ, არის თუ არა საქართველო შესაფერისი უვიზო რეჟიმისთვის. ჩვენ ვეღარ გავამართლებთ ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებთან.
ამ ყველაფერს სევდით ვამბობ, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი მხარს უჭერენ პროევროპულ გზას და ჩვენ ევროკავშირში მხარს ვუჭერთ მათ. ამიერიდან ევროკავშირი ცხადად უნდა ელაპარაკოს ორივეს – ქართველ საზოგადოებასა და „ქართულ ოცნებას”, რომელმაც მათ არჩევნები მოჰპარა.
ევროკავშირის წევრობა არ არის თავსებადი ოლიგარქიულ სისტემასთან. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ, ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის დებიძინიზაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი”.
ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო:
„იყო დაშინება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ეს არის არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები, რომელიც მე ვნახე საქართველოში, როდესაც არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი ვიყავი. ამას საპროტესტო აქციები მოჰყვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა, ისინი ამბობდნენ, რომ მათ არჩევნები მოჰპარეს. ისინი ქართულ და ევროპულ დროშებს აფრიალებენ. მათ სჯერათ ჩვენი და იმედოვნებენ, რომ მათ არ მივატოვებთ.
„ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, ვლადიმერ პუტინისკენ მიბრუნდნენ და მათ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურთ.
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხალხს იმედს ვაძლევთ, მხარს ვუჭერთ მათ, ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას აგრძელებს. მე მათი პრეზიდენტის გამბედაობას მივესალმები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისინი არა ჩვენი სისუსტის, არამედ ჩვენი სიმტკიცის სიმბოლოები იყვნენ”.
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა:
„2021 წლის საქართველოს არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და პირდაპირი მანიპულირება არ მინახავს. თუმცა, მაშინაც კი ვფრთხილობდით არ გვეთქვა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, ამომრჩეველზე თვალთვალისა და იძულებითი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შეუსაბამობის გამო.
თითქმის სამი კვირის წინ, მე პირადად შევესწარი მანიპულაციებს ქვეყნის სხვადასხვა ადგილას, ბიულეტენების ჩაყრის შოკის მომგვრელ შემთხვევებს, გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის არარსებობასა და დაშინებას.
თუ ჩვენ 2021 წელს ვფრთხილობდით, მაშინ ახლა ამ არჩევნებს სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, ამიტომ გვჭირდება ამ დარღვევების გამოძიება, ასევე სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. დემოკრატიისკენ სამართლიან სწრაფვაში ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ უნდა დავდგეთ”.
პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი, ევროპარლამენტარი, მალგოჟატა გოშევსკა:
„ისტორია გვასწავლის, რომ დიქტატორები ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას დემოკრატიული არჩევნებით, მაგრამ მათ აღარ უნდათ შემდეგ ამ ძალაუფლების დათმობა და საფრთხე ხდებიან საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
2012 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მშვიდობით გადასცა ძალაუფლება. 2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველო უკან მიიწევს ავტორიტარული რეჟიმისკენ და სამწუხაროდ, ახლა ხალხი რომელიც ხელისუფლებაშია რუსეთისგან იღებს სარგებელს.
დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია ის, ვისაც გარკვეულ წრეებთან კრიმინალურის მსგავსი ურთიერთობები გააჩნია. დროა დასკვნები გამოვიტანოთ.
მოგიწოდებთ იზოლაცია მოვახდინოთ ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების, გავყინოთ დახმარებები და შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი”.
ევროპარლამენტარი გიორგიო გორი:
„სამწუხაროდ, 26 ოქტომბერს ამომრჩეველს არ ჰქონია უფლება, თავისუფლად გამოეხატა ნება. იყო ბევრი დარღვევა ხმის მიცემისას. ასევე, იყო ფეიკ ნიუსების კამპანია, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა.
პარალელურად, კანონები, რომლებიც რუსული ინსპირაციით [იქნა მიღებული], მსგავსად კანონებისა უცხოური გავლენების გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და მცირეწლოვანთა დაცვის და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, სრულად ეწინააღმდეგება იმ სტანდარტებსა და ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირისთვის ფუნდამენტურია და საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზას აშორებს, რომელმაც სტარტი გასულ წელს აიღო.
ამ ჩარევასთან ბრძოლა გადამწყვეტია, რათა ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული მომავალი იყოს გარანტირებული. [ევროკავშირის] წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო, მისი მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების მისწრაფებების თვალსაზრისით, ყველაზე პროევროპულია […]
ჩვენი დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყოველი საშუალება, რათა მხარი დავუჭიროთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ეს მისწრაფებები იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა იცხოვროს ქვეყანაში, რომელიც თავისუფალია კორუფციისგან და პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, უფლებებსა და დემოკრატიას”.
ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი:
„დეკემბერში ევროკომისიამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საჭირო რეფორმები მოჰყვებოდა. ეს ისტორიული გადაწყვეტილება უდიდესი შესაძლებლობა იყო საქართველოს მთავრობისთვის.
სამწუხაროდ, საქართველოში განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა სერიოზული შეშფოთება გააჩინეს ქვეყნის მიმართულებაზე – წინასაარჩევნო დაძაბული და პოლარიზებული გარემო, დარღვევების შესახებ ანგარიშები, მმართველი „ქართული ოცნების” პარტიის მიერ გავრცელებული მზარდად ავტორიტარული დღის წესრიგი.
ქართველები დემონსტრაციებს აწყობენ და არაერთხელ აჩვენეს, რომ მათ დემოკრატიული საქართველო სურთ ევროპული პერსპექტივით. ქართველებს არ სურთ იყვნენ ბატონი პუტინის ორბიტაში. არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა უნდა იქნეს გამოძიებული”.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს საკითხის დასამატებლად 13-14 ნოემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგის შეცვლაზე შეთანხმდნენ.
ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ პლენარული სხდომის დასაწყისში წინადადება დააყენა, რომ „საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის წინადადებას მხარი 309 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 191 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.