ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი - დასავლელი პარლამენტარები

პუბლიკა

„ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“ – ასე აფასებე საერთო განცხადებაში დასავლელი პარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევები, დაშინებისა და ხმების ყიდვის შემთხვევები, არსამართლიანი საარჩევნო გარემო შეუთავსებელია სამართლიანობის ევროპულ გაგებასთან.

განცხადების ავტორები ასევე დასავლეთისგან მოითხოვენ პერსონალური სანქციების დაწესებას იმ პირების მიმართ, ვინც მავნე ზეგავლენა მოახდინა საარჩევნო პროცესებზე. განცხადებას ხელს აწერენ გერმანელი, პოლონელი, ირლანდიელი, ლიეტუველი, კანადელი, შვედი, ესტონელი, ლატვიელი, უკრაინელი პარლამენტარები.

„ჩვენი სოლიდარობა ეკუთვნის საქართველოში მცხოვრებ მრავალ ერთგულ ევროპელს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, ისწრაფვიან თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისკენ. ჩვენ კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს ადგილს გაერთიანებული ევროპის გულში.

მაგრამ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური კლიმატი შეუთავსებელი იყო სამართლიანობის ევროპულ სტანდარტებთან. კანდიდატებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, იყენებდნენ სახელმწიფო ძალაუფლებას, ყიდულობდნენ ხმებს. ამას ნათლად ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები. ასევე ყურადსაღებია არჩევნების გაყალბება არჩევნების დღეს დაშინებისა და ხმების მოსყიდვის გზით.

ქვეყანა იმაზე მეტადაა გაყოფილი ქალაქებსა და სოფლებს შორის, ახალგაზრდებსა და მოხუცებს შორის, ვიდრე ჩვენ ვშიშობდით.

ეს არჩევნები იყო ევროპასა თუ იზოლაციის, დემოკრატიისა თუ ავტორიტარიზმის, თავისუფლებისა თუ რუსიფიკაციის შესახებ. ჩანს, საარჩევნო კამპანიის პროცესში ნათლად არ გამოჩენილა, რომ ევროკავშირთან დაახლოება ვერ გაგრძელდება ამ მმართველი პარტიისა და მისი ასეთი პოლიტიკის პირობებში. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა უბრალოდ შეუთავსებელია ევროკავშირთან.

„გლობალური ომის პარტიის“ შიშზე აგებულმა მზაკვრულმა კამპანიამ, რომ თითქოს საქართველოს მეორე უკრაინად შეიძლება იქცეს, როგორც ჩანს, ნაყოფიერი ნიადაგი ნახა. არსებობს მხოლოდ ერთი „გლობალური ომის პარტია“ და თქვენ მას თავისი სახელი უნდა დაარქვათ. მისი სახელია რუსეთი.

ამ ფონზე ევროკავშირი ვერ ცნობს შედეგებს.

ჩვენ მოვითხოვთ პერსონალურ სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საარჩევნო პროცესებზე უსამართლო გავლენაზე, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დაშინებასა და მუქარაზე.

მიუხედავად ამ დიდი იმედგაცრუებისა, ჩვენ ახლა არ უნდა მივატოვოთ საზოგადოების პროევროპული ნაწილი. პირიქით, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოების დაცვა. ამ ეტაპზე, ჩვენ უარვყოფთ ისეთ კოლექტიურ სასჯელს, როგორიცაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. თუმცა, ჩვენ გვეშინია კარგად განათლებული, პროევროპელი ახალგაზრდების გადასახლების. მიუხედავად იმისა, რომ მოგესალმებით ევროკავშირში, ეს იქნება ტრაგედია საქართველოს ევროპული ორიენტაციისთვის.

ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ქვეყნის „ბელარუსიზაციის“ გამო. თუ მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის განცხადებებს ქმედებების მოჰყვება, არსებობს ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისა და აკრძალვის საფრთხე. ევროკავშირმა ნათლად უნდა აუწყოს მმართველ პარტიას, რომ ამას არ მიიღებს და ამ შემთხვევაში ურთიერთობების სრულად შეწყდება.

ჩვენ ვაგრძელებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის გაერთიანების, დემოკრატიის, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად და საქართველოს ევროპული მომავლის შენარჩუნებისა და უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

მიხაელ როთი, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

ემანუელის ზინგერისი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის პარლამენტის ევროპულ ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

ჩარლზ ფლანაგანი, ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

რიჰარდს კოლსი, ევროპარლამენტის წევრი;

ბოგდან კლიჩი, პოლონეთის სენატის ევროპულ ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

კერსტინ ლუნდგრენი, შვედეთის პარლამენტის სპიკერის მოადგილე;

ოლექსანდრ მერეჟკო, უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

ინიარა მიუნიესე, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

რადოსლავ ფოგიელი, პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

ალი ეჰსასი, კანადის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.