ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. ჯო ბაიდენს, ფაქტობრივად, მოგებული აქვს არიზონის შტატი და პრეზიდენტობამდე მხოლოდ ნევადის შედეგები აშორებს. ნევადაში კი სწორედ ბაიდენი ლიდერობს.
საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით „რესპუბლიკელები“ დიდი ალბათობით უმრავლესობას შეინარჩუნებენ სენატში. წელს, კონგრესის ზედა – 100-ადგილიან პალატაში არჩევნები 35 ადგილისთვის გაიმართა.
2020 წლის არჩევნებამდე სენატში უმრავლესობას „რესპუბლიკელები“ ფლობდნენ. მათ 53 ადგილი ეკავათ, დემოკრატებს კი 47 სენატორი ჰყავდათ.
სენატის 2020 წლის არჩევნებში მოქმედი სენატორების უმრავლესობამ გაიმარჯვა და სტატუს-კვოს შენარჩუნება შეძლო. ამ დროისთვის „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ სენატში 48-48 ადგილი აქვთ.
წელს, „დემოკრატებმა“ გამარჯვება შეძლეს „რესპუბლიკელების“ ორ შტატში, არიზონასა და კოლორადოში, თუმცა დაკარგეს სენატორი ალაბამიდან. შესაბამისად, სენატში წარმომადგენლობის გაზრდა 2-ის ნაცვლად მხოლოდ ერთით შეძლეს.
სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად მათ, მინიმუმ, 2 სენატორი კიდევ სჭირდებათ, რადგან იმ შემთხვევაში, თუ სენატში ხმები თანაბრად გაიყოფა, გადამწყვეტი, ერთი ხმა ვიცე-პრეზიდენტს ეძლევა. შესაბამისად, ბაიდენის მოგების შემთხვევაში, „დემოკრატებს“ 50 სენატორი ჰყოფნით.
თუმცა, წინასწარი მონაცემებით, „დემოკრატებს“ 50 სენატორის გაყვანა გაუჭირდებათ. ჯერჯერობით, საბოლოო შედეგები არ გამოცხადებულა ალასკისა და ჩრდილო კაროლინის შტატებში, ასევე ჯორჯიაში, რომელიც წელს 2 სენატორს ირჩევს.
როგორც ალასკაზე, ისე ჩრდილო კაროლინაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ლიდერობს ჯორჯიის ერთ-ერთ ვაკანტური ადგილისთვის ბრძოლაში.
რაც შეეხება, ჯორჯიის მეორე სენატორის არჩევნებს, იქ განსხვავებული არჩევნებია. რადგან „რესპუბლიკელმა“ სენატორმა საკანონმდებლო ორგანო ნაადრევად დატოვა, შტატში მისი ადგილისთვის ცალკე არჩევნების გამართვაც გახდა საჭირო. თუმცა, 2020 წლის არჩევნების წინ ამ ვაკანტური ადგილისთვის „რესპუბლიკელებს“ შორის პრაიმერიზი არ გამართულა. მათ თავიანთი კანდიდატურის დაყენება პირდაპირ არჩევნებში შეეძლოთ.
ასე რომ, ჯორჯიის შტატში „რესპუბლიკელებს“ ორი ისეთი კანდიდატი ჰყავდათ, ვინც 20%-ზე მეტი ხმის მოგროვება შეძლო. ამიტომ, ჯორჯიაში იანვარში მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში „დემოკრატების“ კანდიდატ რაფაელ უარნოკს „რესპუბლიკელებს“ შორის საუკეთესო შედეგის მქონე და პირველ ტურში მეორე ადგილზე მყოფი კელი ლიოფლერი დაუპირისპირდება.
„დემოკრატებისთვის“ იმედგაცრუება იყო მეინის შტატში გამართული სენატის არჩევნები. შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვების მიუხედავად, სენატის არჩევნების მოგება და ადგილის შენარჩუნება შეძლო მოქმედმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა სუზან კოლინსმა. ასე რომ, დიდი ალბათობით, სენატში „რესპუბლიკელებს“ 51 ან იანვარში მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში 52 წარმომადგენელი ეყოლებათ და უმრავლესობა ექნებათ.
პრეზიდენტისა და სენატის არჩევნების პარალელურად არჩევნები მიმდინარეობდა კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაშიც. ამ შემთხვევაში უმრავლესობა „დემოკრატებს“ ჰქონდათ დასაცავი.
წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში წელს მცირე უპირატესობის მოპოვება შეძლეს „რესპუბლიკელებმა“. მათ 8 ისეთ ოლქში გაიმარჯვეს, რომლებიც წინა არჩევნებზე „დემოკრატებს“ ჰქონდათ მოგებული. თავის მხრივ, „დემოკრატებმა“ კი „რესპუბლიკელებს“ 2 მსგავსი ოლქი მოუგეს. ასე რომ, „რესპუბლიკელებს“ ამ მონაცემებით, 6-ით მეტი წარმომადგენელი ეყოლებათ. ჯერჯერობით, ხმებს ითვლიან ოლქების ნაწილში. The New York Times-ის მიხედვით, გადანაწილება ამ დროისთვის ასეთია:
- „დემოკრატები“ – 205
- „რესპუბლიკელები“ – 190
წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის 2018 კონგრესმენია საჭირო. ოლქების ნაწილში, რომელშიც ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან, „დემოკრატები“ ლიდერობენ, ნაწილში კი – „რესპუბლიკელები“. წინასწარი მონაცემებით, „დემოკრატები“ უმრავლესობის შენარჩუნებას შეძლებენ, მაგრამ „რესპუბლიკელებს“ „ჰაუზში“ წინანდელთან შედარებით, სავარაუდოდ, მეტი კონგრესმენი ეყოლებათ.