არჩევნები, პოლიტპატიმრები, კონსტიტუციური ცვლილებები – რაზე იმსჯელეს ევროპარლამენტარებმა

პუბლიკა

დღეს, 19 მაისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ონლაინ რეჟიმში იმსჯელეს.

საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებლის, ესტონელი ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის განცხადებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეწყალების შესახებ, შეამსუბუქებს პოლიტიკურ დაძაბულობას.

„ცხადია, კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რომ სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მიკსერმა და დასძინა, რომ მიუხედავად COVID-19-ის გამო დაკარგული დროისა, სრულიად შესაძლებელია, დროულად მოხერხდეს კონსტიტუციური ცვლილებები. მისივე თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო რეფორმა გადავადების გარეშე მოესწროს.

ევროპარლამენტარმა ანდრეა ბოჩკორმა პოზიტიურად შეაფასა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება. მისი თქმით, ორივე პოლიტიკურმა მხარემ უნდა გააგრძელოს მსგავსი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა, რათა შესაძლებელი გახდეს შეთანხმების შესრულება.

ჩეხი ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა, მოუწოდებს საქართველოს, დაიწყოს გამოძიება პროტესტის მონაწილეთა და ოპოზიციის მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობის მიმართულებით.

ანა ფოტიგა პრეზიდენტის შეწყალებას მიესალმება. მან ყურადღება გაამახვილა გიორგი რურუას დაკავებაზეც.

„პოსტსაბჭოთა სივრცესა და საბჭოთა პერიოდში ოპოზიციაში ყოფნის ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვხედავ, რომ მის მიმართ ბრალდებები ყალბს ჰგავს და უნდა გაუქმდეს“.

ფოტიგამ შეაქო საქართველო კორონავირუსთან გამკლავების მხრივ,„ანაკლიის მიტოვებული პორტზე“ კი განაცხადა, რომ პანდემიის კრიზისის შემდგომ პერიოდში საქართველოსთვის შეიძლება გამოსავალი იყოს ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის დამოუკიდებელი გზების მხარდაჭერა.

მარინა კალიურანდმა პოზიტიური ნაბიჯი უწოდა პრეზიდენტის შეწყალებას და პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში კონსტრუქციულ კონსულტაციებში ჩართვისკენ მოუწოდა.

„შეთანხმება ჯერ ბოლომდე არ შესრულებულა და ძალიან ნათლად უნდა ვუთხრათ საქართველოს მთავრობას, რომ ეს არჩევნები არის ტესტი საქართველოს ევროპული გზისთვის, ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და გამჭვირვალე, თავისუფალი პოლიტიკური დევნისგან, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ მედიამფლობელების. ამიტომაა მნიშვნელოვანი ძლიერი დაკვირვება პროცესზე“, – განაცხადა რაფაელ გლუქსმანმა.

ანდრიუს კუბილიუსმა კი განაცხადა, რომ თუ მოვლენები პოზიტიურად განვითარდა, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამაგალითო ქვეყანა გახდეს. მისივე თქმით, ქვეყნისთვის დიდი გამოწვევა იქნება საპარლამენტო არჩევნები.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის თქმით, იგი „მიესალმება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას“. მართალია, ზოგი გაათავისუფლეს, მაგრამ ერთი ცნობილი პოლიტპატიმარიგიორგი რურუა კვლავ ელოდება გათავისუფლებას, – განაცხადა მაკალისტერმა. მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმება ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას გულისხმობდა.

ევროკომისიაში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორმა, ლოურენს მერედიტმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის გამოიყოფა 180 მილიონი ევრო „და ამ დახმარების მობილიზება უპრეცედენტოდ სწრაფად მოვახერხეთ“.

„ჩვენ მოვამზადეთ ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი და 75 მილიონი ევრო გამოიყოფა წლის განმავლობაში, რათა ამ კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები აღმოიფხვრას. სამწუხაროდ, ამ კრიზისმა მნიშვნელოვანად დაგვაზარალა. განსაკუთრებით საქართველო, რომელიც დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე. ასე რომ, ჩვენ სწრაფად ვმოქმედებთ და დახმარება გრძელდება“, – განაცხადა  მერედიტმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, ლუკ დევინიემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, წინა არჩევნებთან დაკავშირებით  ეუთო-სა და ოდირი-ს რეკომენდაციები შესრულდეს.

„მათ შორის, ისეთი საკითხები, როგორიცაა ადმინისტარციული რესურსების გამოყენება, სხვადასხვა დავის გადაჭრა, მედიაკამპანიების დაფინანსება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში გამოჩენილი ხარვეზები გამოსწორება“, – განაცხადა დევინიემ.


სვენ მიკსერის 23 მარტით დათარიღებული ანგარიშის სამუშაო ვერსიაში ასევე აღნიშნულია, რომ ვითარება გაუარესებულია ოკუპირებულ ტერტიტორიებზე, ასევე, რუსეთთან დაკავშირებული კიბერთავდასხმების თვალსაზრისითაც.

ანგარიშში შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილი რაოდენობის გამო და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეიყვანონ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში.

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, აღასრულოს საკონსტიტუციო რეფორმების პროცესი და 8 მარტის შეთანხმება. ასევე, მოუწოდებს პარტიებს, უზრუნველყონ შეთანხმების კანონმდებლობად გარდაქმნა.