არჩევნები პოლონეთში — ულტრამემარჯვენე მმართველი პარტია ძალაუფლებას კარგავს 

პუბლიკა

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის თანახმად, ულტრამემარჯვენე მმართველი პარტია ძალაუფლებას კარგავს.

სავარაუდოდ, მმართველი პარტია „კანონი და სამართალი” პარლამენტში ყველაზე მეტ მანდატს მოიპოვებს, თუმცა, ეს მათ ძალაუფლებას არ შეუნარჩუნებს.

Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიამ, რომლის პოლონური აბრევიატურა არის PiS, ხმების 36.6% მიიღო, ცენტრისტულმა ოპოზიციამ კი – 31%. თუ ეს შედეგები ოფიციალურად დადასტურდა, დიდი შანსია, კოალიცია და შესაბამისად, ხელისუფლება დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიციამ” ჩამოაყალიბოს.

PiS, რომლის ლიდერიც იაროსლავ კაჩინსკია, პოლონეთს 8 წლის განმავლობაში მართავდა. თუკი ეს ძალა ხელისუფლებას მესამე ვადით შეინარჩუნებდა, კრიტიკოსები შიშობდნენ, რომ შესაძლოა დემოკრატიული პოლონეთის იდეა დასამარებულიყო. იაროსლავ კაჩინსკის პარტიას ადანაშაულებენ როგორც კორუფციაში, ისე მედიისა და სასამართლოს მიტაცებაში. 

„პოლონეთმა გაიმარჯვა, დემოკრატიამ გაიმარჯვა, —  უთხრა 66 წლის დონალდ ტუსკმა მხარდამჭერების ნაწილს ვარშავაში გამართულ მიტინგზე. – ეს არის ცუდი დროების დასასრული, ეს არის PiS მთავრობის დასასრული“.

2007-დან 2014 წლამდე დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იყო, 2014-დან 2019 წლამდე კი – ევროკომისიის პრეზიდენტი.