არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს! - ინაშვილი

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის შეფასებით, ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა. მისი თქმით, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედების გეგმაზე, – ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.

„მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია – არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობით ამ არჩევნების შედეგებს! მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!”, – წერს ინაშვილი.

ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. მათი ნაწილის თქმით, პარლამენტის ბოიკოტი არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია კონსულტაციების შედეგად მიიღებს.