„არჩევნები უნდა მოიგოს ხედვებმა და იდეებმა" - ჟორჟოლიანი ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის აკრძალვას მოითხოვს

პუბლიკა

პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი საარჩევნო მედიარეკლამებთან დაკავშირებით ორი ინიციატივით გამოდის – ერთი ფასიანი რეკლამების აკრძალვას შეეხება, მეორე კი – მედიაში არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის გამოყოფილ უფასო პოლიტიკურ რეკლამას.

„პუბლიკასთან” საუბრისას გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის აკრძალვის მიზანი, ერთი მხრივ, არჩევნებში ფულისა და ფინანსების როლის შემცირება, ხოლო, მეორე მხრივ, ხედვისა და პოლიტიკური შინაარსის მნიშვნელობის წინ წამოწევაა.

„თავისი ტელევიზიები აქვთ ან სხვა ტელევიზიებს უხდიან ფულს და ეგ არის. ძირითადად, მედიაში ორი პოლიტიკური ჯგუფი დომინირებს, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“/მასთან ასოცირებული პოლიტიკური ჯგუფები.

მე კანონპროექტი შემაქვს იმისთვის, რომ მიმაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი, ობიექტური. ფული კი არ უნდა წყვეტდეს არჩევნებს, უნდა წყვეტდეს შეხედულებები და პროგრამები. თუ ამას ვინმე გაიზიარებს, მივესალმები. იმედი მაქვს კეთილგონიერების, სამართლიანობისა და ობიექტურობის. თუ მხარს არ დაუჭერენ, იტყვიან, რომ გვინდა, ფულმა მოიგოს არჩევნები და არა ხედვებმა და იდეებმა”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ჯერჯერობით აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში შეტანილია, თუმცა კომიტეტებს მისი განხილვა არ დაუწყიათ.

რაც შეეხება ინიციატივას უფასო წინასაარჩევნო რეკლამის შესახებ, ის პარლამენტში კომიტეტებზე უკვე განიხილება. მისი თქმით, უფასო დრო მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიებში, ნაწილდება გარკვეული გრადაციით კვალიფიციურ სუბიექტებზე. მისი წინადადება კი გულისხმობს, რომ უფასო დრო მიეცეს ყველა საარჩევნო სუბიექტს.

„კვალიფიციური სუბიექტები არიან, ვინც წინა არჩევნებზე გარკვეულ შედეგებს მიაღწიეს. თუ, ვთქვათ, ვიღაცა მონაწილეობს არჩევნებში, ვინც წინა არჩევნებში არ მონაწილეობდა, მათ არავითარი უფასო დრო არ ეძლევათ. ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ უფასო დრო განაწილდეს ყველაზე, ვინც არჩევნებში მონაწილეობს“, – განმარტავს ჟორჟოლიანი.

პარლამენტის დეპუტატი აცხადებს, რომ ეს ინიციატივა მოსახლეობას მისცემს საშუალებას, მოუსმინოს ყველას და გაეცნონ მათ ხედვებსა და საარჩევნო პროგრამას. ჟორჟოლიანის აზრით, ქვეყანაში „ორპარტიიანი დიქტატურაა“ ჩამოყალიბებული,  სადაც ორი პოლუსი – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა” თანამოაზრე პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად ერთმანეთთან კინკლაობით არიან დაკავებული.

„ეს ორი პარტია ზღუდავს არჩევნების ინკლუზიურობას, ანუ ჩართულობას და ამავე დროს, მათ შორის რეალურად დიდი განსხვავება არ არის. ალტერნატიული ხედვა, პრაქტიკულად, შეზღუდულია. თუ არ მივცემთ საშუალებას, რომ გარემო იყოს ინკლუზიური და სუბიექტებს მიეცეთ საშუალება, მათაც გააცნონ ადამიანებს ალტერნატიული ხედვა, დავრჩებით ორპარტიული „დიქტატურის“ პირობებში, რომელიც სპობს შესაძლებლობას, ალტერნატიული პოლიტიკური ხედვები გახდეს საზოგადოების დისკუსიის საგანი”, – განმარტავს გია ჟორჟოლიანი.

გია ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ფრაქციაში „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები” კი არის ჩართული, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიაში ის და მისი პარტია „სოციალ-დემოკრატები“ არავისთან თანამშრომლობას არ აპირებს.

„სადღაც შეიძლება კანდიდატი გვყავდეს, სადღაც არ გვყავდეს, მაგრამ თანამშრომლობას, შეთანხმებას, ბლოკს და რაღაცას არავისთან არ ვაპირებთ, დამოუკიდებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. თუ ვინმემ დააყენა საყოველთაოდ მისაღები კანდიდატურა, იმას შეიძლება დავუთმოთ”, – ამბობს ჟორჟოლიანი.