არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე - საია

პუბლიკა

საია-ს შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ არჩევნების შესახებ გავრცელებულ შემაჯამებელ შეფასებაშია აღნიშნული.

„ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, მათ შორის, პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულების მიმართულებით.

კენჭისყრის დღეს გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენციები, რომელიც უკავშირდებოდა: ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლს (მთელი დღის განმავლობაში უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც კენჭისყრის მიმდინარეობისას დროს თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას უშლიდა ხელს);

ფარულობის პრინციპის დარღვევას: მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევას, მათ შორის რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა მარკირების გარეშე ან/და ერთი და იგივე პირის მიერ ხმის ორჯერ მიცემას და არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე დაშვებას და ხმის მიცემას;

გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებს: არაუფლებამოსილი პირების გადაადგილებას უბნის ტერიტორიაზე;

საია-ს ცალკეულ უბნებზე შეეზღუდა დაკვირვების შესაძლებლობა. დაფიქსირდა ჩვენი დამკვირვებლების მიმართ აგრესიის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. რიგ შემთხვევებში დამკვირვებლებს არ აძლევდნენ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის ჩაწერის და საჩივრის დარეგისტრირების შესაძლებლობას საარჩევნო უბანზე. 2 დამკვირვებელს დაატოვებინეს უბანი.

საია-ს დამკვირვებელი გაერთიანებული ოპოზიციისა და მასთან აფილირებული ორგანიზაციების ზეწოლის ობიექტი გახდა.

დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით შეიმჩნეოდა უბნებში და გარე პერიმეტრზე დაძაბული გარემო, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაშიც გადაიზარდა. დაფიქსირდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობის და მათი საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევები, რომელიც საია-მ უარყოფითად შეაფასა, ხოლო შსს-ს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდა.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა ქარელისა და ხაშურის საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე (დამკვირვებლებმა აღრიცხეს თანხის გადაცემის შემთხვევები).

ტენდენცია იყოს საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, ეს განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობოდა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი წესების შესრულებისას, რაც აფერხებდა როგორც კენჭისყრის პროცესს, ასევე იწვევდა პროცედურული დარღვევების ზრდას.

დარღვევების ციკლი გაგრძელდა უბნის დახურვის შემდეგ პერიოდშიც. ხმების დათვლის დროს კომისიები ბალანსს დროულად ვერ სვამდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში გაცემულია იმაზე მეტი ბიულეტენი ვიდრე ეს ხელმოწერით დასტურდება.

ხშირ შემთხევაში საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნებიდან დაულუქავი ჩანაწერთა წიგნები და სხვა დოკუმენტაცია დაულუქავად მიდიოდა.“

საია-მ უარყოფითად შეაფასა ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებაც, რამაც ამომრჩეველში მანიპულაციის შეგრძნება გააჩინა.